
„რეალმა” მოკლე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა: ზინედინ ზიდანს გარდაეცვალა ძმა, ფარიდი, 54 წლის. მიზეზი: სიმსივნე. როგორც ჩანს, ფარიდ ზიდანს დაავადება დიდი ხანი არ არის რაც აღმოუჩინეს. ამიტომ წერენ საიტები, რომ მას ხანგრძლივად არ უავადმყოფია.
მადრიდელთა მწვრთნელს გუნდის კანადური შეკრებიდან სასწრაფოდ მოუხდა მადრიდში დაბრუნება. კანადაში იმყოფებოდა ზიდანის მეუღლე ვერონიკიც, რომელიც მეუღლსთან ერთად გაეშურა ევროპისკენ.
შეკრებაზე დარჩენილმა „რეალმა” წუთიერი დუმილით პატივი სცა ფარიდ ზიდანის ხსოვნას.
ზიდანის არყოფნაში გუნდს მისი ასისტენტი დავიდ ბეტონი უხელმძღვანელებს. ვისაც „ლოს ბლანკოსის” თამაშები უნახავს, შეუძლებელია არ შეემჩნია მწვრთნელის გვერდით მოტრიალე დაბალი, მელოტი კაცი, რომელიც ზიზუმ მადრიდში მეორედ მისვლისასაც თან იახლა. უფრო სწორედ, „რეალში” მას თავიდან არანაირი თანამდებობა არ ჰქონდა, მაგრამ ზიდანმა იმდენი ქნა, რომ ასისტენტად გააფორმა.
ახლა, როდესაც ზიდანი ევროპაში დაბრუნდა, ხოლო მადრიდელებს დავიდ ბეტონი ხელმძღვანელობს, საინტერესო იქნება ორი სიტყვით ვთქვათ, ვინ არის ის.
დავიდ ბეტონი ზინედინ ზიდანის ძმაკაცია და მთელი ცხოვრება სწორედ ეს გახლავთ მისი მთავარი ფუნქცია. ზიდანმა ბეტონი 16 წლისამ გაიცნო. ეს „კანში” მოხდა, როდესაც მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი სახლს პირველად მოწყდა და დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება.
იყო ასეთი ფრანგი ფეხბურთელი მიშელ მადარი (3 თამაში საფრანგეთის ნაკრებში), რომელიც იგონებს, რომ ბეტონი და ზიდანი იმდენად ახლობლობდნენ, რომ დავიდი ზინედინის სახლში ბიდეთი სარგებლობისთვის და ფეხების დასაბანადაც კი მიდიოდა.
შემდეგ, დაიწყო ზიზუს თვალისმომჭრელი კარიერა. ის „იუვენტუსში” გადავიდა და… კონტრაქტზე მოლაპარაკებისას ტურინელებს იტალიურად მოლაპარაკე ძმაკაცისთვის სადმე, ახლომახლო, რაიმე კლუბის შერჩევა მოსთხოვა. ამიტომაც ითამაშა ბეტონიმ ისეთ კლუბებში, როგორებიცაა „ავეძანო”, „ალესანდრია” და „ბრეშელო”.
