ქალთა ფეხბურთთან ჩემი პირველი ემოცია, დაახლოებით 30 წლის წინანდელ ამბავს უკავშირდება. მაშინ თბილისში, ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად, შვედეთის რომელიღაც პროვინციის ქალ ფეხბურთელთა ორი გუნდი ჩამოვიდა.
ქერა, ცისფერთვალება, ულამაზეს გოგონებს ჩვენი მოქალაქეები გაოგნებული შესცქეროდნენ. ეს იყო შოკისმაგვარი განცდა. მგონი უცხოპლანეტელები ეგონათ. „დინამოს“ სტადიონზე 80 ათასი მაყურებელი შეიკრიბა…
ახლაც კარგად მახსოვს შეშინებული შვედი გოგონების თვალები, რომელთა მატჩებზე 80 კი არა, ალბათ ახლობლების გარდა არავინ დადიოდა.
ასეთივე რეაქცია ჰქონდათ მათ ქალაქის დათვალიერებისასაც.
სტადიონზე მეც გახლდით. ახლა აღარც მახსოვს, ვინ ვის მოუგო. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ჩემი მაშინდელი აღქმით, საბჭოთა ქალაქში ევროპა გადმოიღვარა, ლამაზი, თავისუფალი.
საფრანგეთში ახლადდამთავრებულ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. მესამე ადგილისთვის მატჩში სკანდინავიელმა ლამაზმანებმა ინგლისელებს 2:1 მოუგეს. მართალია, ძუ ლომთა დამრიგებელმა, ფილ ნევილმა თქვა, ასეთი მატჩები მაიმუნობააო, მაგრამ ვისთვის როგორ.
გიოტებორგში დაბრუნებულ შვედ გოგონებს 30 ათასი ქომაგი შეეგება.
„ამდენი ადამიანის ბედნიერი თვალების ხილვა ენით აუწერელი სიამოვნებაა. ვგრძნობთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი მედლები არ არის, ეს მთელი ქვეყნის მედლებია,“ – ამბობს შვედების ნახევარმცველი კოსოვან ასლანი.
ტურნირის განმავლობაში, ნაკრების თამაშებისას, შვედეთის კაფე-ბარებში ტევა არ იყო. მთელი ერი გაგიჟებით ქომაგობდა გოგონებს. ორ მათ თამაშს ქვეყნის პრემიერმინისტრი დაესწრო. საფრანგეთში ჩავიდა შვედეთის პრინციც.
რატომ დავწერე ეს პატარა წეილი? ზუსტად ვერ გეტყვით. უბრალოდ, ვუცქერდი შვედების ზეიმს და ის პატრა გოგონები გამახსენდა, „დინამოს“ სტადიონის გადავსებულ ტრიბუნებს შეშინებული რომ გასცქეროდნენ…