.

სიმონა ჰალეპი რუმინეთის გმირია. „უიმბლდონის“ ფინალში მან სერენა უილიამსის გასაცამტვერებლად მოულოდნელად 56 წუთი იკმარა და 6:2, 6:2 მოიგო. სიმონასთვის ეს მეორე სლემტიტულია შარშანდელი „როლან გაროსის“ შემდეგ. რაც შეეხება სერენას, ზედიზედ მესამე დიდი ფინალი წააგო, არადა წარმატების შემთხვევაში ტრიუმფების ციფრს 24-მდე გაზრდიდა და მარგარეტ კორტს გაუტოლდებოდა.საინტერესო დეტალი: მამაკაცთა შორის ჩემპიონს მოოქროვილი თასით აჯილდოებენ, ქალთა გამრჯვებულს კი სასალათე გაიცემა. თითოეული ჩემპიონის გვარი ზედაა ამოტვიფრული. 1957 წლამდე გრავირება სასალათეს უკანა ზედაპირზე ხდებოდა და როცა აღარ დაეტია, ზედა მხარეზე დაიწყეს. უკვე 40 წელია გრავირებაზე პასუხს პოლონელი რომან ზლოტოვსკი აგებს, ვისაც ახალი ჩემპიონის გვარის ამოტვიფრაზე ზუსტად 18 წუთი მისდის. სასალათე კი რეალურად თასს განასახიერებს, რომელსაც ინგლისელი არისტოკრატების ოჯახებში სტუმრებს ნასადილევს პატივისცემის ნიშნად და თითების გადასაბანად მიართმევდნენ ხოლმე.კვირას კი „უიმბლდონის“ ცენტრალურ კორტზე თანამედროვე ჩოგბურთის კლასიკა გველის – ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ…