საფრანგეთის ნაკრების 50 წლის მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა. საუბარი შეეხო გერმანელი მწვრთნელის თომას ტუხელის ხელში „პარი სენ ჟერმენის” გამოსვლას, „ბაიერნის” ფრანგ ვეტერანს ფრანკ რიბერის, ბენჟამენ პავარს, კინგსლი კომანს, სერჟ გნაბრის და სხვა პიროვნებესა თუ თემებს.
გთავაზობთ, ამონარიდებს ამ ინტერვიუდან.
— როგორ შეაფასებდით „პარი სენ ჟერმენში” თომას ტუხელის მუშაობას?
— პარიზელებს სეზონის ბოლო რთული ჰქონდათ, მაგრამ ამის გამო ტუხელის პიროვნული და პროფესიული თვისებები კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია. პსჟ-ს შედეგებს ყველა ხედავს. ჩემი გასარჩევი აქ არაფერია. და ერთი რამ ცხადია: ასეთ კლუბში თამასა ყოველთვის ძალიან მაღლაა. გულშემატკივარი მუდამ დიდ წარმატებებს ელის და გარწმუნებთ, მომავალ სეზონში კიდევ უფრო მეტის მოლოდინი ექნება. სხვა რა გითხრათ, დიდი ხანი არ არის, რაც ტუხელს პირადად ვიცნობ, მაგრამ შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ჩემზე მისი სიტყვაცა და საქმეც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
— მართალია, ტუხელმა პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი გახადა, მაგრამ განა პარიზელთა ამბიციური კლუბისთვის ეს საკმარისია?
— რაღაცის უკეთ გაკეთება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ განა ვინმეს ენა მოუბრუნდება, რომ „პარი სენ ჟერმენის” გასულ სეზონს წარუმატებელი უწოდოს? არადა, გადახედეთ, რა ხდება: გასულ სეზონს წარუმატებელს უწოდებენ „ბარსელონას”, „ბაიერნის”, „რეალისა” თუ „იუვენტუსის” ქომაგები. რატომ? იმიტომ, რომ ამ გუნდებმა ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგეს? ამ ლოგიკით, რასაკვირველია, ნებისმიერ კლუბს, რომელმაც უკლებლივ ყველა შეჯიბრებაში ვერ გაიმარჯვა, შედეგების გაუმჯობესება შეუძლია. არადა, ყველაფრის მოგება ურთულესი საქმეა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: „პარი სენ ჟერმენი” იმ შვიდ-რვა კლუბს შორისაა, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე აქვთ პრეტენზია.
— თქვენი აზრით, ტუხელი ფრანგული ფეხბურთისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს?
— არ მინდა ძველი ანეკდოტებივით გამომივიდეს. გერმანელი მწვრთნელების ზედმეტ სიმკაცრესა და დისციპლინაზე ხშირად ხუმრობენ, მაგრამ ჩემი აზრით ტუხელი პირიქით, თბილი და მეგობრული კაცია. ის ასეთია როგორც მოთამაშეებთან, ასევე მედიის წინაშე. და კიდევ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტუხელი ფრანგულს კარგად ფლობს. ენის ცოდნის გარეშე კი მუშაობა ნებისმიერ ქვეყანაში გაძნელდება.
გერმანელთაგან იურგენ კლოპსაც მეტად თავისებური მიდგომა აქვს.
— შარშან, როდესაც თქვენ საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადეთ, გუნდში გყავდათ ბენჟამენ პავანი. მის „შტუტგარტიდან” „ბაიერნში” გადასვლაზე რას იტყვით?
— პავანისთვის ეს რადიკალური ცვლილება იქნება. მას „შტუტგარტში” ძალიან რთული სეზონი ჰქონდა, გუნდი გავარდა. ახლა კი ის სულ სხვა გარემოში აღმოჩნდება. ბენჟამენი ძალიან დიდ ევროპულ კლუბში გადავიდა, სადაც სერიოზული კონკურენცია და უმაღლესი მიზნებია. მე ეს ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, რომ ფრანგი ფეხბურთელები თავიანთ ოსტატობას ყოველდღიურად უმაღლეს დონეზე დაამტკიცებენ. მათთვის ნაკრებში მოსახვედრად ეს ერთადერთი გზა არის.
— ფრანკ რიბერიმ კი თორმეტწლიანი ერთგულების შემდეგ „ბაიერნი” დატოვა. როგორ შეაფასებდით მის მიუნხენურ კარიერას?
— რიბერი „ბაიერნის” ერთ-ერთი ბურჯი გახლდათ და ამ გუნდთან ერთად დიდ წარმატებებს მიაღწია. ის წლობით ბავარიელთა ერთგული იყო და საპასუხოდ კლუბმაც ბევრი რამ გაუკეთა მას. ერთი სიტყვით, ფრენკს სათავისოდ იდეალური კლუბი ჰქონდა ნაპოვნი, რომელიც მარად მისი მადლიერი დარჩება. ვინ იცის, რიბერის კარიერა კიდევ უფრო დიადი ყოფილიყო ნაკრებში მეტხანს რომ ეთამაშა, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ ღირს, რადგან მისი ისტორია ნებისმიერ შემთხვევაში დიდი წარმატების ისტორიაა. ალბათ, ის იყო საუკეთესო ფრანგი გერმანიაში. რიბერის ტიტულები სწორედ ამას მეტყველებს.
— კინგსლი კომანის პერსპექტივაზე რაღას იტყოდით?
— რასაკვირველია, 23 წლის ასაკში მას რიბერის ვერ შევადარებთ, მაგრამ საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში უკვე 8 ტიტული მოიგო. კომანს დიდი მიმავალი ელის. ვფიქრობ, მან დაოსტატების უღელტეხილი უკვე გადალახა. ახლა, ადრინდელთან შედარებით, თამაშების ბედი კინგსლიზე გაცილებით მეტად არის დამოკიდებული. კომანი ფიზიკურ მომზადებასაც დიდ ყურადღებას აქცევს.
— გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოაჰიმ ლიოვმა კი წარუმატებელი პერიოდის შემდეგ გუნდიდან სამი ვარსკვლავი გაუშვა: თომას მიულერი, მატს ჰუმელსი და ჯერომ ბოატენგი. კოლეგის ამ გადაწყვეტილებამ გაგაკვირვათ?
— მწვრთნელებს ხანდახან მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს და იოაჰიმ ლიოვის წინაშე როგორც ჩანს სწორედ ასეთი ჟამი იდგა. დგება მომენტი, როდესაც იძულებული ხდები დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშეებიც კი გაუშვა. ამის გაკეთება ძნელია. ამ ტიპის გადაწყვეტილება ყოველთვის არაპოპულარულია, მაგრამ სხვა გზაც არ გაქვს. ცხადია, ლიოვს საკუთარი ნაბიჯის სისწორისა სწამდა, თორემ სხვანაირად მოიქცეოდა.
— განა ეს რისკს არ შეიცავს?
— რასაკვირველია, რადგან ახალ მოთამაშეებს შესაძლოა გამოცდილება ან ოსტატობა აკლდეთ. ლიოვმა კარგად იცის, რომ ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. თუ იგებ, ესე იგი ყველა ნაბიჯი სწორად გადაგიდგამს, ხოლო თუ აგებ, ყველაფერი არასწორად გაგიკეთებია. ოღონდ, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ლიოვმა და მისმა ჯგუფმა იციან ის დეტალები, რომლებიც არც თქვენ იცით და არც მე. ასეთ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ხომ არავინ იღებს.
— დღეს, რომელ ფეხბურთელებს შეუძლიათ გერმანიის ნაკრებს მწვერვალისკენ წაუძღვენ?
— გერმანიის დღევანდელი ნაკრები კროოსის და კიმიხის ხელმძღვანელობით ახალ თაობას ეყრდნობა. ერთ-ერთი მათგანია სერჟ გნაბრი, მაგრამ არ შეიძლება მას ამთავითვე მოსთხოვო ის, რაც თომას მიულერმა ათი წლის განმავლობაში აკეთა.
