ანტუან გრიზმანი და NBA-ს ვარსკვლავი დიანჯელო რასელი

როგორც იქნა! ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოდან” „ბარსელონაში” გადასვლის საგა, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა, წარმატებით დასრულდა. ფრანგი თავდამსხმელის ესპანეთის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლა ხან მავანთა რისხვას იწვევდა და ხან მავანთა აღშფოთებას. მოვლენები ისე განვითარდა, რომ გრიზმანის ტრანსფერი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა და ახლა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი უკვე „ბლაუგრანას” ფეხბურთელია, მადრიდულმა „მარკამ” მომხდარის შავ-თეთრი მხარეების გამოცნობა სცადა.

 

რა დახვდება გასახდელში

ბევრს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ ლეო მესის გრიზმანის ტრანსფერისადმი დამოკიდებულება შეეცვალა. თავიდან ის ფრანგის „ბარსაში” გადასვლას მიესალმებოდა, ბოლოს კი კომენტარზე უარი განაცხადა. იგივე მოუვიდა ლუის სუარესსაც. არ არის გამორიცხული, რომ შარშან, ჟერარდ პიკეს სტუდიის მიერ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა, სადაც მოთხრობილი იყო, როგორ ცდილობდა გრიზმანი „ატლეტიკოდან” „ბარსელონაში” გადასვლას, „ბარსას” გავლენიან ფეხბურთელებზე უარყოფითად იმოქმედა.

 

სატრანსფერო ფასი

გრიზმანი წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რომელსაც ძალიან დიდი კომერციული პლიუსიც ჰქონდა — ის 120 მილიონი ევრი ღირდა, რაც ნეიმარისა და კილიან მბაპეს ფასზე ნაკლებია. ამდენად, „ბარსელონას” მხრიდან ფრანგის შეძენა მომგებიანი და ჭკვიანური მარკეტინგული ნაბიჯი გახლდათ.

 

ამპლუა

სავარაუდოდ, ერნესტო ვალვერდეს სქემაში ის შესანიშნავად ჩაჯდება. „ბარსას” ძალიან გამოადგება მისი სისწრაფე და დინამიზმი. გრიზმანი მრავალმხრივი ფეხბურთელია და ის გუნდს მრავალფეროვნებას შეჰმატებს. საჭიროებიდან გამომდინარე ფრანგი ხან თავდასხმის ცენტრში გამოვა და ხანაც ფრთაზე.

 

როგორ შეხვდება გულშემატკივარი?

არავინ იცის, როგორ შეხვდებიან ანტუან გრიზმანს „კამპ ნოუზე”. ერთი რამ ფაქტია, შარშანდელი ჩაშლილი ტრანსფერით და ჩაშლაზე მეტად იმით, თუ როგორ მოხდა და გამოცხადდა ეს ყველაფერი, გულშემატკივრის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. წინასწარი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ფრანგს კატალონიაში შეიძლება ბევრი გულთბილად არც კი შეეგებოს, თუმცა ის ძლიერი ფეხბურთელია და ხალხის გულის მოგება შეუძლია.

 

ტიტულების წყურვილი

ანტუან გრიზმანს ძალიან უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. ბოლო წლებში ის ამ ტიტულთან ახლოს იყო და მილანურ ფინალში, „რეალის” წინააღმდეგ, პენალტიც კი გააცუდა. „კამპ ნოუზე” ის ასევე წარმატებას მოწყურებული ფეხბურთელების კამპანიაში მოხვდება.

 

ჭირვეული

გრიზმანი მარტო ფეხბურთით არ ცხოვრობს. ზემოთ დოკუმენტური ფილმი ვახსენეთ, რასაც შეგვიძლია დავამატოთ აშშ-ში ხშირი სიარული… თუ „ბარსელონაში” თავიდანვე მთლიანად ფეხბურთზე არ გადაერთო და გულშემატკივრის გული არ მოიგო, შეიძლება საქმე აერიოს.