არ ყოფილა ჟოზე მოურინიუ ყველაფერში მტყუანი — „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლაციოსგან” სერბი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვა გადაწყვიტა, რომლის შეძენა პორტუგალიელს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სურდა.
ახლა წერენ, რომ მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირება ამ ზაფხულში მანჩესტერელთა მთავარი ამოცანაა. „იუნაიტედს” 24 წლის მოთამაშის შესაძენად 71 მილიონი გირვანქა (78,9 მილიონი ევრო) გადაუდია. „ოლდ ტრეფორდზე” სერბს პოლ პოგბას შემცვლელად ხედავენ. პოგბა, მოგეხსენებათ, მანჩესტერიდან გაქცევაზეა.
„სქაი სპორტის” ჟურნალისტი ანტონ ტოლო წერს, რომ მილინკოვიჩ-სავიჩი ინგლისურ ფეხბურთს იდეალურად მოერგება:
„დღევანდელ ფეხბურთში ვერ წარმომიდგენია მაღალი დონის ნახევარმცველი, რომელიც ინგლისურ ფეხბურთს უკეთ მოერგება. ის 191 სანტინმეტრია და საოცარი გამძლეობით გამოირჩევა. მთავარი კი მისი მრავალფეროვანი პასები გახლავთ. მილინკოვიჩ-სავიჩს ყველა ის თვისება აქვს, რაც სრულყოფილ ნახევარმცველს უნდა ჰქონდეს. ჟოზე მოურინიუს მისი შეძენა ჯერ კიდევ როდის უნდოდა. ორი წლის წინ სერბმა „ლაციოში” ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა, მაგრამ გასული სეზონი ცოტა ჩაუვარდა.
შარშან, ამ დროს, მილინკოვიჩ-სავიჩი „იუვენტუსში” გადასვლასთან იყო ძალიან ახლოს, მაგრამ თითქმის მოგვარებული საქმე ჩაფლავდა და ნახევარმცველს ნირი წაუხდა. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ზემოთ ნახსენები ჩავარდნა”.