ესეც ფრენკ ლემპარდის პირველი მატჩი „ჩელსის” მწვრთნელის რანგში. დასავლეთ ლონდონელებმა ირლანდიურ „ბოჰემიანსთან” 1:1 ითამაშეს. ლემპარდის შეგირდთაგან ანგარიში მიჩი ბატშუაიმ გახსნა, მაგრამ „ბოჰემიანსში” გასინჯვაზე მყოფმა ერიკ მოლოიმ ბოლო წუთებში გაათანაბრა.

ლემპარდმა შესვენებისას 11 ფეხბურთელი შეცვალა. ვინც ხელთ ჰყავდა, ყველას შეავლო თვალი, მათ შორის 17 წლის ჰოლანდიელ იან მაატსენს.

„ჩელსის” საიტზე მატჩის გარჩევა გუნდის ყოფილმა ფორვარდმა ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკმა იკისრა. მან თქვა:

„არ მომეწონა, რომ ლურჯმაისურიანი ფეხბურთელები ბურთს იოლად კარგავდნენ. გარდა ამისა, ისინი მას ძალიან ხშირად ეხებოდნენ; ხანდახან შვიდჯერ-რვაჯერ, ეს კი თამაშის ტემპს აგდებდა.

რაც „ბოჰემიანსთან” გამოჩნდა, ფრენკისთვის გაკვეთილი იქნება. მას ბოლოს და ბოლოს უნდა ენახა ვინ ჰყავს გუნდში და შესაბამისი დასკვნები გაეკეთებინა. ბურთის ჩქარა გათამაშება სწორედ ის საბაზისო ხერხია, რაზეც ლემპარდს გუნდის აწყობა სურს. თანამედროვე წარმატებული გუნდების უმეტესობა კომბინაციას სწრაფად ავითარებს. დღეს კი, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ჩვენ ვნახეთ რომ ზოგი ფეხბურთელი მეტისმეტად წელავდა ეპიზოდს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ბურთის მიღებამდე არ ჰქონდათ მოფიქრებული, რა უნდა გაეკეთებინათ შემდეგ.

შესაძლოა ყველაფერი იმით ავხსნათ, რომ ჯერ მოსამზადებელი პერიოდიც კი არ გახურებულა, მაგრამ ზოგ ფეხბურთელს მაინც უკეთ უნდა ეთამაშა. ახლა ფრენკმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი მოთამაშეები დასჭირდება და რომლები არა. სეზონისწინა ამხანაგური შეხვედრები სწორედ ამისთვის არის საჭირო”.

თავად ლემპარდი კი ირლანდიელებთან თამაშით უკმაყოფილო არ გახლდათ.

„დიდი ხანია არ გვითამაშია და დღეს ამიტომ გაგვიჭირდა. ბიჭებით კმაყოფილი ვარ. რაც ვარჯიშებს შევუდექით, ისინი დატვირთული მყავს. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა ფიზიკური მომზადებაა. ფეხბურთელები დღეს დილითაც გვარიანად დავტვირთე და ამის მიუხედავად მათ მაინც გაუძლეს თამაშს გუნდთან, რომელიც თავის ჩემპიონატში შუა სეზონშია. მინდა, სეზონისწინა პერიოდში გუნდი ზეწოლის ქვეშ მყავდეს. რაც უფრო მალე ავალთ ფიზიკური მომზადების სასურველ დონემდე, მით უკეთესია. რასაკვირველია, „ბოჰემიანსთან” მოგება გვინდოდა, მაგრამ ამჯერად ეს მთავარი არ იყო. მთავარი ბიჭების შესაძლებლობების მაქსიმუმამდე დატვირთვა გახლდათ”.