გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ერთი დიდი საქმე უკვე გააკეთა: ვერის (კიროვყოფილი) პარკში, ბუკიას ბაღის საჭადრაკო მაგიდებთან, თბილისური ეზოების და სოფლის ბირჟებზე წლების წინ მინავლულ დისკუსიებს ქართული ფეხბურთის შესახებ დიდი ცეცხლი შეუნთო. მორიდებული სახის და მანერების ახალგაზრდამ ისევ დააბრუნა საქართველოში იმ ფეხბურთზე საუბრის ხალისი, რომელსაც პაიჭაძე, ბასა, მესხი, ყიფიანი და სხვები თამაშობდნენ. ჩაკვეტაძის დრიბლინგებმა, ბურთთან კომფორტული ურთიერთობის ხელოვნებამ, პასის და დარტყმის სიზუსტემ უფროსი თაობის ქომაგს ხელახლა აუჩქროლა გული და არც ახალი თაობა დატოვა განზე. საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებზე მომრავლებული გულშემატკივარიც მნიშვნელოვანწილად მისი დამსახურებაა.
ნათქვამის შემდეგ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ „სარბიელის“ მიერ აღორძინებულ, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში, ქართული ფეხბურთის თემაზე გამოცდილ ტელე თუ მწერალ ჟურნალისტთა სიმპათიებიც მეტწილად გიორგი ჩაკვეტაძეს ერგო. გიორგის გამარჯვება ნიშანია იმისა, რომ ქართული ფეხბურთის მარადიული პრიორიტეტები: ტექნიკური თამაში, იმპროვიზაცია, საფეხბურთო ესთეტიკა ძალას ინარჩუნებს და მომავალშიც გადამწყვეტი იქნება ფეხბურთზე ფიქრის, წერისა და განსჯისას.
ახლა კი ინტერვიუ, რომელიც გიორგის უკვე 2018-2019 სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის რანგში ჩამოვართვით და ცხადია, ტრადიციული ორი კითხვით დავიწყეთ:
– გიორგი, ელოდი, რომ ქართული სპორტული მედია საუკეთესოდ დაგასახელებდა?
– ალალად რომ გითხრათ, ველოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი. ველოდი, რადგანაც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა და რამდენიმე გოლი გავიტანე; ველოდი, რადგანაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელა… დიდი მადლობა დაფასებისთვის, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ქართული ფეხბურთის სამსახურში ხართ.
– მადლობა შენ, კარგი თამაშისთვის. შენთვის რომ გვეკითხა და გამოკითხვის ანკეტა ჩაგვებარებინა, სამეულს როგორი თანამიმდევრობით ჩამოწერდი?
– ჯაბა კანკავა, საბა კვირკველია, გურამ კაშია.
– თითქმის იგივეა ჩვენი სამეულიც, თუმც საუკეთესოდ ჩვენ შენ დაგასახელეთ…
– ძალიან გამახარეთ, მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ქართული სპორტული მედიის რჩეული გავხდი. გმადლობთ.
ინტერვიუს სრული ვერსია 11 ივლისს გამოქვეყნდება