ევროკლუბები შვებულებიდან ბრუნდებიან. ბებერ კონტინენტზე მობურთალებმა ნელნელა მოიშუშეს გასული სეზონის ტრავმები, განიქარვეს დაღლილობა და ორშაბათიდან თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. შეიკრიბა “პარი სენ ჟერმენი” და სადაა ნეიმარი? ესპანეთშიც, მადრიდის ჩრდილოეთით სან რაფაელ დე ლოს ანხელესის ბაზაზე მოგროვდა “ატლეტიკოს” თითქმის მთელი გუნდი, გარდა ანტუან გრიზმანისა, რომლის ადგილსამყოფელს დღეს მგონი შერლოკ ჰოლმსიც ვერ მიაგნებს.
ორივეგან ხლართებს “ბარსელონა” ხლართავს. ორი სუპერვარსკვლავის საკუთარ ლაშქარში ჩასართველად კატალონიელები რთულ და ალბათ ფაქიზ თამაშს თამაშობენ, თუმც გრიზმანის შემთხვევაში სიფაქიზე შელახული ჩანს, რადგან:
- ოფიციალურ განცხადებაში “ატლეტიკომ” “ბარსელონას” უპატივცემლობა დასწამა – ტრანსფერის ფასი 200 მილიონიდან 120 მილიონ ევრომდე ჩამოვწიეთ და ესენი ჯერ კიდევ თემას ღეჭავენო
- “ატლეტიკომ” გრიზმანის წინააღმდეგ სადისციპლინო პროცედურა დაქოქა – ჯერ კიდევ ჩვენი ფეხბურთელია და კონტრაქტით გათვალისწინებულ პუნქტებს არ ასრულებსო
უსიამოვნო, მაგრამ მაინც ინტრიგა, რომლის მთავარი მოქმედი პირები არა მინდორზე, არამედ კულისებში თამაშობენ. კვანძის გახსნას ალბათ ორიოდე დღეში ვიხილავთ.