„პარი სენ ჟერმენმა” ახალი სეზონისთვის მზადება ნეიმარის გარეშე დაიწყო. სად არის 27 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი? პარიზულმა კლუბმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს — ნეიმარს პსჟ-სგან გაცდენის ნებართვა არ აუღია.

უნებართვო გაცდენას კი, რასაკვირველია, შინაგანი გარჩევები მოჰყვება.

ნეიმარს კონტრაქტის თანახმად „პარკ დე პრენსზე” 2022 წლამდე მართებს დარჩენა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ვარსკვლავის თანამემამულე ლეონარდომ თქვა: „ერთადერთი ის ვიცი, რომ დათქმულ დღეს, 8 ივლისს, ის გუნდთან ერთად არ იყო”.

ლეონარდოს საპირისპიროდ, ნეიმარის მამამ ბრაზილიურ Fox Sports-ს განუცხადა, პარიზელებს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოეხსენებოდათ, რომ ჩემი ვაჟი წლეულს, ამ დროს, ბრაზილიის ნაკრებში იქნებოდა „კოპა ამერიკაზე” სათამაშოდო.

არადა, ნეიმარს არც „კოპაზე” უთამაშია — კოჭის ტრავმა აწუხებდა.

ლეონარდო: „ნეიმარს არ ვაბამთ. მას შეუძლია დატოვოს „პარი სენ ჟერმენი”, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამოჩნდება მყიდველი, რომლის წინადადებაც ყველა მხარეს კმაყოფილს დატოვებს. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია აპირებს თუ არა რომელიმე კლუბი მის შეძენას და თუკი აპირებს, რამდენის გადამხდელია. საერთოდ, ეს რთული პროცესია, რომელიც ერთ დღეში ვერ დასრულდება”.

რამდენადაც ცნობილია, ერთადერთი კლუბი, რომელმაც ჯერჯერობით ბრაზილიელის შეძენის სურვილი გამოთქვა, „ბარსელონაა” და მანაც ეს მეტისმეტად ზედაპირულად გააკეთა. „ბარსამ” ნეიმარზე ლაპარაკი რომ წამოიწყო, არც თვითონ ჰგავდა რეალურ მყიდველს და არც პსჟ-ს ჰქონდა ვარსკვლავის გაყიდვა გადაწყვეტილი. ამას უფრო ყასიდად ლაპარაკს თუ დაარქმევდა კაცი.

ლეონარდო: „ხელშეკრულების თანახმად ნეიმარი ჩვენთან კიდევ სამი წელი უნდა დარჩეს. ამის მიუხედავად, როგორც ვთქვი, ჩვეენ მას არ ვაკავებთ. უბრალოდ, სანამ ვინმე კონკრეტული წინადადებით არ მოვა, მოლაპარაკებებს ფიზიკურად ვერ წამოვიწყებთ”.