გაბრიელ ჟესუსი მძვინვარებდა და ტიროდა — ის „კოპა ამერიკას” ფინალში გააგდეს.
ბრაზილიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა ამავე შეხვედრაში საგოლე პასი გადააწოდა და გოლიც გაიტანა. თამაშის მე-15 წუთზე მან „გრემიოს” ფორვარდ ევერტონს გაუწია ასისტენტობა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს, უფრო სწორად, მსაჯის წამატებულ დროში, პერუელთა მიერ ანგარიშის გათანაბრებიდან ოთხი წუთის შემდეგ, ჩემპიონატის მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა — 2:1.
მაგრამ, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთი რჩებოდა, ჟესუსი მოედნიდან გააგდეს — მეორე ყვითელი ბარათი გაუწითლდა. არადა, ეპიზოდი, რომლის გამოც ჩილელმა მსაჯმა რობერტო ტობარმა ჯიბეში ხელი ჩაიყო, თითქოს არ იყო ბრუტალური. ეს უფრო მაღალ ბურთზე ახტომისას ორი ფეხბურთელის შეჯახებას ჰგავდა, რომლის დროსაც შესაძლოა ერთმა თამაშის წესი დაარღვია, მაგრამ განა წესის ყველა დარღვევა რომელიმე ფერის ბარათით უნდა დისაჯოს?
გაძევებამ ჟესუსზე ძლიერ იმოქმედა: ჯერ იყო და ვერა და ვერ დაამთავრა მსაჯთან დავა, შემდეგ წყლის ბოთლებს ურტყა წიხლი, შემდეგ VAR-ის სტენდს ეძგერა და კინაღამ გადაატრიალა…
ერთი ხნის შემდეგ კი, გულშემატკივარმა, რომელიც შეხვედრის ტრანსლაციას ტელევიზიით უყურებდა, ნახა, როგორ იჯდა გაბრიელ ჟესუსი სადღაც, გვირაბს შიგნით, კიბის თავზე, ტიროდა და მას ბრაზილიის ნაკრების წარმომადგენელი აწყნარებდა.
ბრაზილიამ გაიმარჯვა 3:1.


ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 09:21გუნდების რაოდენობის გაზრდა შეიძლება დაბრკოლდეს
აქეთურ-იქითური22/06/2026 | 08:36ყველაზე, ყველაზე იამალი
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
