საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას რამდენიმე დღეში შეუდგება, მანამდე კი მისი კანდიდატები და სხვა ქართველი მორაგბეები შვებულებაში არიან, ისვენებენ და საკლუბო საქმეებს აგვარებენ. ამასობაში უამრავი ტრანსფერი გაკეთდა, რომელთაგან ერთ-ერთი აშკარად გამოირჩევა.

ბექა გიგაშვილის ფრანგული კარიერა კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება. რუსეთის ჩემპიონატიდან საფრანგეთის ფედერალ 1-ში გადასულმა არცთუ ნორჩმა ბურჯმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და პრო D2-ის „გრენობლს“ მიაშურა. იქაც მშვენივრად ითამაშა და გუნდს ტოპ 14-ში ასვლაში დაეხმარა, უმაღლეს დონეზეც არ ჩაიკარგა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა ყურადღების არეალში მოექცა, ბორჯღალოსანი გახდა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მსოფლიო თასზეც ითამაშებს.

„გრენობლი“ ტოპ 14-დან გავარდა, მაგრამ ბექა ზედა ელიტაში დარჩება, თან არ იკითხავთ, სად?

27 წლის ბურჯი კარიერას „ტულონში“ გააგრძელებს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიგაშვილი ამ კლუბს 2 მომდევნო სეზონით დაუკავშირდა, მაგრამ ოფიციალურ განცხადებაში ითქვა, რომ კონტრაქტი 3-წლიანია.

„ტულონში“ გიგაშვილს დახვდებიან მსოფლიოს 20-წლამდელთა ახალდასრულებული ჩემპიონატის მონაწილე ბურჯი ლუკა ჭელიძე და ქართული რაგბის ცოცხალი ლეგენდა მამუკა გორგოძე, რომელმაც ტულონელებთან კონტრაქტი სულ ახლახანს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა.

ჩვენი ნაკრების კიდევ ერთმა ახალმა სახემ, 21 წლის გურამ გოგიჩაშვილმა კი „რასინგსა“ და ნაკრებში ჩატარებული უბრწყინვალესი სეზონით კლუბისგან ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი დაიმსახურა. გურამი პარიზში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

საერთოდაც, ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველებთან თანამშრომლობის გახანგრძლივებამ ტენდენციის ხასიათი მიიღო. კიდევ ერთმა გრანდმა – „მონპელიემ“ ორი ქართველი ჯეელი საკმაო ხნით დაიბევა, 22 წლის უჩა ჭეიშვილი მრავალქართველიან კლუბში 2022 წლამდე დარჩება, ანუ მას ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულება დაუდეს, ხოლო არგენტინაში სულ ახლახან თავგამოჩენილ 20 წლის ლუკა აზარიაშვილს „მონპელიესთან“ კონტრაქტი გაისად ეწურებოდა, მაგრამ ახალი შეთანხმებით ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავი 2023 წლამდე დაიცავს კლუბის ღირსებას.

ტოპ 14-ში დაბრუნებულ კლუბებშიც სიახლეებია. „ბრივში“ ახალ სეზონში 8 ქართველი იქნება, მათ შორის სოსო ბეკოშვილიც, ვინც კლუბთან კონტრაქტი გააგრძელა. „ბაიონს“ კი ჩვენი 20-წლამდელების ვარსკვლავი 8 ნომერი იოანე იაშაღაშვილი დაემატება. 20-წლამდელთა ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეყვანილი ახალგაზრდა ხსენებულ ფრანგულ კლუბში 1 წლით ჩაირიცხა.

ეს რაც შეეხებოდა ტოპ 14-ის ქართველებს. პრო D2-ის ამბებს მომდევნო წერილში გაგაცნობთ. ერთს კი დავძენთ, რომ დღეის მონაცემებით, ტოპ 14-ის კლუბებთან კონტრაქტი 33 ქართველ მორაგბეს აკავშირებს.