რას არ ნახავ კაცი: ლეო მესი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. ეს „კოპა ამერიკაზე” არგენტინისა და ჩილეს შეხვედრის პირველ ტაიმში მოხდა. გუნდები მესამე ადგილისთვის თამაშობდნენ. არგენტინამ 2:1 მოიგო.

მესი მარტო არ გაუძევებიათ. მასთან ერთად წითელი ბარათი ამოუღეს ჩილეს ნაკრებისა და „ბეშიქთაშის” ნახევარმცველ გარი მედელს. მიზეზი: ჩილელთა საჯარიმოს გვერდით, მოედნის კიდესთან, ბურთისთვის ბრძოლის დროს მესიმ მედელს არცთუ ძლიერად ხელი გაჰკრა, რაზეც ის უზომოდ გადაირია და „სარქენად” გაიწია. ეპიზოდი უსიამოვნო სანახავი გახლდათ. სულ მედელი და მესი სამჯერ შეიბნენ „ცხვირი-ცხვირ”. ჩილელის ექსცენტრული ქცევის დასასრულებლად, პარაგვაელმა მსაჯმა მარიო ალბერტო დიას დე ვივარმა… რატომღაც ორივე ფეხბურთელი გააგდო მოედნიდან.

საერთაშორისო მას-მედია წერს, რომ მესი გასაგდები არ იყო. ალბათ, ემოციურადაც ძნელია 14 წლიან სანაკრებო კარიერაში პირველად რომ გაგაძევებენ. ძიძგილაობის განმავლობაში არგენტინელი აღელვებულ მოწინააღმდეგეს სახეს არიდებდა.

კამათი და ვნებათაღელვა მას მერეც გაგრძელდა, რაც დიას დე ვივარმა მოთამაშეებს წითელი ბარათი აჩვენა. მის გადაწყვეტილებას ორივე გუნდის ფეხბურთელები აპროტესტებდნენ. არგენტინელები მსაჯს ვიდეორეფერის გამოყენებას სთხოვდნენ, მაგრამ პარაგვაელმა თავისი გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აღარ დააყენა.

შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებს წინა შეხვედრაში ანუ ბრაზილიასთან 0:2 წაგებულ ნახევარფინალშიც ჰქონდა ვიდეორეფერის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები. ისინი ორ ეპიზოდში ითხოვდნენ პენალტს და სურდათ, რომ მსაჯებს ჩანაწერი გადაემოწმებინათ. მსაჯებმა მათი თხოვნა ყურად არ იღეს. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ამით თავად ლეო მესიც ძალიან აღშფოთებული გახლდათ.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მედელისა და მესის კონფლიქტი პირველი ტაიმის ბოლოს, უფრო ზუსტად კი 36-ე წუთზე მოხდა. ამ მომენტისთვის სერხიო აგუეროსა და პაოლო დიბალას გოლებით „ალბისელესტე” 2:0-ს იგებდა. მეორე ტაიმის მე-14 წუთზე არტურო ვიდალმა ვიდეოზე გადამოწმებული პენალტით  სხვაობა შეამცირა, მაგრამ ანგარიში მეტად აღარ შეცვლილა.

მატჩის შემდეგ მესიმ ჟურნალისტებთან ზოგადად ჩემპიონატზე ლაპარაკისას თქვა: „ჩვენ არ უნდა ვიქცეთ იმ კორუფციის ნაწილად, რომელიც ამ ჩემპიონატზე ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებდა”.

მედელთან დაკავშირებულ ეპიზოდზე კი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის შეხედულება ასეთი გახლდათ: „მედელი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. ვფიქრობ, ყვითელი ბარათი ორივესთვის საკმარისი იქნებოდა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი ადრინდელი გამონათქვამების გამო დამსაჯეს. ეპიზოდი ვიდეორეფერისთან უნდა გადაემოწმებინათ, მაგრამ ისინი VAR-ს არასდროს იყენებენ”.

ბოლოს კი მესიმ ჩემპიონატის შედეგებით კმაყოფილება გამოთქვა.

„მთავარი ის არის, რომ გუნდმა შეჯიბრება კარგად დაასრულა. თუ არ ჩავთვლით, რომ მესამე ადგილისთვის მატჩი ვერ ჩავამთავრე, შინ მშვიდად მივდივარ. ამაყად თავაწეული მივდივარ. ვამაყობ იმ ბიჭებით, რომლებმაც ამ „კოპა ამერიკაზე” ითამაშეს.

შეჯიბრების წაგებით და ფრით დაწყება იოლი არ არის, მაგრამ საკუთარ თავში ძალები გამოვნახეთ და ჩემპიონატი დადებითად დავასრულეთ. ჩვენ ბრაზილიასთანაც ძალიან კარგად ვითამაშეთ.

ვფიქრობ, ლიონელ სკალონიც გუნდთან ერთად გაიზარდა”.

ფინალის მესისეული პროგნოზი კი ასეთია:

„იმედი მაქვს, რომ მსაჯები და ვიდეორეფერი პერუს ბრაზილიისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემენ”.