ჩინური ფეხბურთის ყველაზე გავლენიანი კაცი ყოფილა კა იან ჰუი, რომლმაც ჟოზე მოურინიუს „გუანგჟუ ევერგრანდისა” და ქვეყნის ეროვნული გუნდის სათავეში ჩადგომა შესთავაზა.

არ იფიქროთ, რომ ლაპარაკია მწვრთნელთან წარმომადგენლის მიგზავნაზე ან ნიადაგის მოსასინჯ სატელეფონო ზარზე. talkSPORT-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ნაჩვენებია თუ როგორ ხვდებიან ერთმანეთს ჰუი და „განსაკუთრებული”.

კა იან ჰუი ჩინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია. სხვათა შორის, „სანი” ჩვენს მიერ თავის დაზღვევის გამო მიმატებულ სიტყვა „ერთ-ერთს” საერთოდ არ წერს და „ევერგრანდ ჯგუფის” თავმჯდომარეს პირდაპირ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანს უწოდებს. „ევერგრანდ ჯგუფი” კი „გუანგჟუ ევერგრანდის” სპონსორია და ჩინეთის საფეხბურთო ლიგაში მსოფლიო ვარსკვლავები ჩაჰყავს.

მილიარდერმა, რომელიც უძრავი ქონების ბიზნესში მეფობს, გადაწყვიტა ჩინური ფეხბურთი ისე განავითაროს, რომ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე არათუ მოხვდეს, არამედ იქაც ღირსეულად გამოვიდეს.

ინგლისური პრესა წერს, რომ კა იან ჰუიმ ჟოზე მოურინიუსთან ურთიერთობის დაწყება პირადი შეხვედრით ამჯობინა. პოზიტიური სტარტის შემდეგ, მოლაპარაკებებს უკვე წარმომადგენლები გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ძალა უკვე მოსინჯეს ისეთმა ცნობილმა მწვრთნელებმა, როგორებიც არიან სვენ-გორან ერიქსონი და ფაბიო კაპელო.

ერთი ხნის წინ, Sky Sports Italia-თან ინტერვიუში მოურინიუმ თქვა, რომ სანამ ცოცხალია ფეხბურთში და თან უმაღლეს დონეზე იტრიალებს.

მისი მხრიდან ჰუისთან წასვლა რასაკვირველია ფეხბურთში დარჩენა იქნება, მაგრამ უმაღლესი დონისა (ჯერჯერობით) რა მოგახსენოთ.

სამაგიეროდ, ფულს მიიღებს, თქვენი მოწონებული…