დიდი ლონდონური დაბრუნება. კლუბის ლეგენდა, საუკეთესო ბომბარდირი და თილისმა ფრენკ ლამპარდი „ჩელსის“ მესაჭე გახდა.

ლამპარდი ფრენკ რაიკარდს, პეპ გვარდიოლას, ზინედინ ზიდანს და იმ სხვა ლეგენდებს შეუერთდა, რომლებმაც ის გუნდი ჩაიბარეს, სადაც ფეხბურთელობისას განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ვნახოთ, გაიმეორებს თუ არა იგივეს მწვრთნელის რანგში, თუმცა 40 წლის ინგლისელი….

ლამპარდს „არისტოკრატები“ ჯამაგირის სახით წელიწადში 5 მილიონ ევროს ჩაუჯიბავენ, რითაც პრემიერლიგაში მერვე იქნება.

პრემიერლიგაში ყველაზე მეტს პეპ გვარდიოლა გამოიმუშავებს. “სიტის” დამრიგებელს წელიწადში 20 მილიონი ევრო ერიცხება. წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტთა ხელმძღვანელებს შრომას – 8.5, (პოჩეტინო)  და 7.5 მილიონად (კლოპი) უფასებს. კლოპის ტოლ თანხას იღებს ოლე გუნარ სულშერიც, სწორედ ის, ვინც ფეხბურთელის კარიერის საუკეთესო წლები “მანჩესტერ ში” გაატარა.

ხუთეულს ის ერთადერთი მოქმედი მწვრთნელი ასრულებს, ვისაც პეპ გვარდიოლას გარდა პრემიერლიგა მოუგია, მასაც „სიტისთან“ ერთად – მაურისიო პელეგრინიმ „ქალაქელები“ 2014 წელს აჩემპიონა, ახლა კი „ვესტ ჰემში“ წყნარად მუშაობს და ჩაქუჩების ხელმძღვანელობისგან მიღებულ წლიურ 7 მილიონსაც სიამოვნებით ხარჯავს.

ევროპა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი „არსენალში“ 6 მილიონს სჯერდება. უნაი ემერიზე მილიონით ნაკლები რალფ ჰაზენჰუტლის აქვს, ბუნდესლიგას და ევროპას „ლაიპციგი“ რომ გააცნო და მერე „საუთჰემპტონი“ ჩემპიონშიფისკენ მიმავალი გზიდან მოაბრუნა.

და აი ლამპარდიც… ის „ლურჯებში“ მუშაობისთვის იმდენს მიიღებს, რამდენსაც „ლივერპულის“ ჩემპიონობასთან მიმაახლოებელი ბრენდან როჯერსი, „სელტიკიდან“ რომ დაბრუნდა და „ლესტერთან“ ერთად ახალ სენსაციებს გვპირდება.

ლამპარდიც თავისას იქადნება: „ყველამ იცის როგორ მიყვარს ეს კლუბი და რა წარმატებებს მივაღწიეთ ერთად. დროა, ტიტულების მოპოვება ახლიდან დავიწყოთ, რისთვისაც თავდაუზოგავად ვიშრომებ. მოუთმენლად ველი „ჩელსისთან“ ერთად საქმის დაწყებას“.

 

წილი
წინა სტატიაჰუი და მოურინიუ
შემდეგი სტატიაკორი კორტნის
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.