ევროპელი კოლეგები ბევრს წერენ, ნეიმარი ბარსელონაში დღე-დღეზე დაბრუნდებაო. თითქოს ამის სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს, მაგრამ მამამისი, კაცი რომელიც ბრაზილიის ნაკრების ლიდერის კარიერას განსაზღვრავს, კატალონიურ კლუბთან ყველანაირ კავშირს გამორიცხავს.
ნეიმარ უფროსმა, ფეხბურთელის აგენტის სტატუსსაც რომ მშვენივრად ირგებს თქვა, ყოფილ კლუბთან შეხებაც არ გვქონიაო.

„ამჟამად, ჩემს ვაჟთან ერთად ბრაზილიაში ვარ და მალე პარიზში ვბრუნდები. ბარსელონასთან მოლაპარაკება არ გვქონია,“-ამბობს უფროსი ნეიმარი.

არადა, 27 წლის ფეხბურთელს პსჟ-ში აღარ დაედგომება. პარიზელთა პრეზიდენტი თავქარიანი ბრაზილიელის უპასუხისმგებლობით უკმაყოფილოა და აღარც იმ 222 მილიონ ევროს დაეძებს, ბლაუგრანელ კოლეგებს ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერისთვის რომ ჩაუჯიბა. ფასი ხომ თვალის მომჭრელია, აი იგივეს კი ნეიმარის ფრანგულ კარიერაზე ვერანაირად ვიტყვით. ორი სეზონი, უმეტესად ტრავმიანი, უფრო ცოტა მატჩი (58) და გოლი (51). ტიტულები? ლიგა 1-ის ორი და თითო-თითო საფრანგეთის, ლიგისა და სუპერთასი – რასაც პსჟ უმისოდაც იგებდა.