ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2018-19 წლების ჩემპიონი რომ ბევრისთვის მოულოდნელად „ტორონტო“ გახდა, კალათბურთის მოყვარულთ, ალბათ, შეხსენება არ სჭირდება.

კანადური გუნდი NBA-ს გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა და „გოლდენ სტეიტთან“ ფინალურ სერიას (4:2) ვინც მიადევნა თვალი დაგვეთანხმება, რომ „ტორონტოს“ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კავაი ლეონარდი გახლდათ.

მომავალი სეზონიდან კი „ტორონტო“ საგრძნობლად შესუსტდება, რადგან კავაი გუნდის დატოვებას ეშურება. ამბობენ, მსუბუქი ფორვარდი „ლეიკერსში“ გადადის და ლებრონ ჯეიმსის თანაგუნდელი ხდებაო. ამის შესახებ ამერიკული თვითერის გვერდი RDAambition წერს, რომელიც „ლეიკერსის“ შიდა სამზარეულოში კარგად არის ჩახედული და გუნდის ტრანსფერებსა თუ სხვა დინებებზე ყოველთვის უტყუარი ინფორმაცია აქვს.

წინა სეზონში, 28 წლის კავაი, რომელიც ფინალური სერიის MVP გახდა, „ტორონტოში“ „სან ანტონიოდან“ გადავიდა და ოქროს ბეჭედიც ჩაიხუტა. გაისად კი როგორც გვარწმუნებენ ლებრონ ჯეიმსთან ერთად „ლეიკერსისთვის“ გაირჯება.