ფოთის “კოლხეთის” პრობლემებზე კლუბის ოფიციალური განცხადება წავიკითხე. არაფერი ახალი – ცუდმა მენეჯმენტმა დედა გვიტირა და ახლა უეფას სანქციებიც გვემუქრებაო.

თქვენი არ ვიცი და მე სხვას არც არაფერს ველოდი. “კოლხეთი” მხოლოდ კონკრეტული მაგალითია იმისა, როგორ არ უნდა იმუშავო ფეხბურთში. ადრეც დაგვიწერია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ ამ სპორტში კიდევ უფრო მეტი წურბელა მიიზიდა. გადაავლეთ თვალი პროგრამით გამოყოფილ თანხებს და ისეთ სოფლებს აღმოაჩენთ, ბურთი რომ წლებია არ გაგორებულა.

რა ძნელი აღსაქმელია, რომ ფეხბურთი ბიზნესია, ისევე როგორც ნაყინის ან ჩურჩხელის წარმოება?! თუ კონკრეტულ ქალაქში ან რეგიონში მოთხოვნილება არ არსებობს, სადამდე უნდა აარსებოთ ხელოვნური სუნქვის აპარატზე ბიუჯეტის ფულით?! დალოცვილებო, ბავშვთა სკოლებს ფიზიოთერაპევტები დაუქირავეთ და გაცილებით მეტს მოვიგებთ, ვიდრე ჭოპორტის “მეპამიდვრის” ან აგარის “მეშაქრის” სიმბოლური არსებობით. ვერ ატყობთ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ტრავმისადმი მიდრეკილები არიან?

რაგვეჭოპორტპამიდვრება?! მიეცით კლუბები კერძო მფლობელებს და თუ ასეთი არ გამოჩნდა, ნუ დააძალებთ იმ რაიონს ან ქალაქს ფეხბურთს. არ უნდათ! მერე ეგებ ამ უაზრო პროგრამას აზრიანი კალაპოტი მიეცეს, ფული ფოთელთა უსარგებლო ლეგიონერის ჯიბის მაგიერ ბავშვებში ჩაიდოს და ბიუჯეტის ფულზე მიწებებული წურბელებიც მოვიშოროთ.

წილი
წინა სტატიაისტბურნზე შეყვარებული
შემდეგი სტატიაგაცვლის ვარიანტი
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".