სპორტსმენი ეგებ თავის სახეობაში დიდი ვერაფერი ბიჭი იყოს, მაგრამ რაღაცის რეკორდსმენი მაინც ხდება. თუმცა რაღა რაღაცის? რომელი „რაღაც“ „უიმბლდონია“?

მოკლედ, რუბენ ბემელმანსი ბალახის საფარიანი დიდი სლემის რეკორდსმენი გახდა. რა გასაკვირია, რომ მსოფლიოს 171-ე ჩოგანს კარიერაში ტიტული არ ჰქონდეს მოგებული, მაგრამ სამაგიეროდ მისი ვინაობა ჩოგბურთის ისტორიში მაინც სამუდამოდ ჩაიწერება.

ბემელმანსმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ამერიკელ დონალდ იანგს აჯობა და ძირითად ბადეში შეაბიჯა. ბუნებრივია, ამით ბელგიელი მეჩოგნე დიდად გაიხარებდა, მაგრამ კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი წინ ელოდა. სტატისტიკოსები ხომ ყველაფერს ჩაჰკირკიტებენ და გამოარკვიეს, რომ თურმე ბემელმანსს რეკორდი დაუმყარებია – 31 წლის რუბენ ბემელმანსი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპი ზედიზედ 6-ჯერ დაძლია და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც მისი საუკეთესო მაჩვენებელი 2017 წელს მესამე წრეში გასვლა გახლავთ.