აქციამ მიზანს უწია. ქართველი ფეხბურთელები გასული ტურის შეხვედრაში მოედანზე წარწერიანი მაისურებით გავიდნენ: „მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყანის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.
რუსეთში კუდი აეწვათ და უეფასაც კი მიმართეს, რომ ქართული კლუბებისთვის ევროტურნირებზე გამოსვლა აეკრძალათ. უეფას პასუხი ლაკონური იყო: „ჩვენი კომპეტენცია ჩვენი ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებზე ვრცელდება, ეგ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა“.
ჩვენი რიგი იყო და სფფ-ის გენმდივანმა დავით მუჯირმა ფაქტობრივად ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ფეხბურთელთა აქციას. აბა, რუსები უპასუხოდ როგორ დაგვტოვებდნენ და კომენტარი მათი ნაკრების ყოფილ მეკარეს, ამჟამად კი დიჯეის და ბლოგერ რუსლან ნიგმატულინს გააკეთებინეს:
„მახსოვს დავით მუჯირი. მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობდა და ძალიან კარგადაც, მაგრამ როგორც ჩანს, ამ პიროვნებას ამჟამად ფეხბურთზე მეტად პოლიტიკა ადარდებს“.
თითქოს სათქმელი ითქვა, მაგრამ როგორ შეიძლება რუსულმა პოლიტიკამ საქმეში ბოღმა და შურისძიება არ გარიოს?! შურისძიების ობიექტად ქუთაისის „ტორპედოდან“ თბილისის „დინამოში“ გადასული ნოდარ ქავთარაძე შეარჩიეს.
რატომ მაინც და მაინც ის? ნოდარი რუსეთშია დაბადებული, რუსეთის მოქალქეა და ვიდრე საქართველოში გადმობარგდებოდა, რამდენიმე რუსულ კლუბში მოასწრო თამაში, ქუთაისამდე კი გორის „დილაში“ ბურთაობდა.
ნოდარის მშობლები რუსეთში ცხოვრობენ და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დედამისი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ბუნებრივია, ოფიციალური ფორმულირება განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ გამგებმა გაიგო. პოლიტიკას რატომ ურევთ სპორტშიო.
თითქოს ჩვენ ვიყავით, რუსეთის ჩემპიონატში ყოველი გოლისას მაისურს რომ ვიხდიდით და ქვედა მაისურზე крым наш რომ გვეწერა.
რუსეთი უკიდეგანოაო.
კიდევ უფრო უკიდეგანოა რუსული პოლიტიკის ბოღმა.