ეროვნული ლიგის მე-20 ტური ლიდერების მატჩებით გაიხსნა. „ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ირაკლი სიხარულიძის მიერ 56-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:0 მოუგო. საინტერესოა, რომ ეს რკინიგზელთა მიერ ჩატარებული ზედიზედ მერვე წაუგებელი შეხვედრა გახლდათ. თუ ამას საქართველოს თასზე „თელავთან“ მოგებულ (1:0) მატჩსაც დავუმატებთ, 9 გამოვა. ტყუილად არ დაასახელეს მათი დამრიგებელი, ლევან კორღალიძე მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად.

ბათუმის ანგისას ბაზაზე ერთგვარი თრილერი გათამაშდა. მასპინძლები ჯერ აგებდნენ „ტორპედოსთან,“ შემდეგ იგებდნენ, საბოლოოდ კი მატჩი 2:2 დასრულდა.

ამისდაკვალად, „საბურთალომ“ და ბათუმის „დინამომ“ 39-39 ქულა მოაგროვეს, თუმცა ზღვისპირელებს გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი მაჩვენებელი აქვთ და პირველ ადგილზეც ამად არიან.

ოთხშაბათს, 26 ივნისს, „ჩიხურა“ „დილას“ უმასპინძლებს.

ტური ხუთშაბათს დასრულდება „სიონი“ – თბილისის „დინამოსა“ და „რუსთავი“ – „ვიტ ჯორჯიას“ მატჩებით.