„ბაიერნი” ლეროი სანეს „მანჩესტერ სიტიდან” ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე მუშაობს. 23 წლის სანე პრემიერლიგაში გადასვლამდე „შალკეში” თამაშობდა.

მაგრამ, იმ შემთხვევისთვის თუ სანეს გადაბირება არ გამოვა, „რეკორდმაისტერი” „ბ” გეგმას ამზადებს. „შპორტ ბილდის” ინფორმაციით „ალიანს არენაზე” „ბარსელონასგან” ფრანგი ოსმან დემბელეს გამოსყიდვაზე ფიქრობენ. დემბელე 22 წლისაა.

ცნობილია, რომ ბავარიელთა ერთ-ერთი დიდი შეფი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, დემბელეს ბავშვობიდან აკვირდებოდა და ჯერ კიდევ 2016 წელს მის მიუნხენში გადაყვანას აპირებდა. მაშინ ფრანგმა „დორტმუნდში” თამაში ამჯობინა, „ბაიერნმა” კი თავი ასე დაიმშვიდა — ჯერ სხვა კლუბში მოყოჩაღდეს და ჩვენ მერე ვიყიდოთო. „შპორტ ბილდის” ცნობით, მას მერე მიუნხენელებს ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის თვალი არ მოუშორებიათ.

კონტრაქტის თანახმად დემბელე „ბარსელონაში” 2022 წლამდე უნდა დარჩეს. ამბობენ, რომ ესპანეთის ჩემპიონის უფროსობამ ფრანგ ყმაწვილს უთხრა, წასვლაზე არ იფიქრო, დაგვჭირდებიო, მაგრამ თავად „პარი სენ ჟერმენიდან” ნეიმარის დაბრუნებას აპირებს.

თუ ნეიმარი „კამპ ნოუზე” დაბრუნდება, საეჭვოა დემბელეს ძირითად შემადგენლობაში ხშირად თამაშის შანსი მიეცეს.

ოსმან დემბელე „დორტმუნდიდან” „ბარსაში” 2017 წელს გადავიდა. „ბარსელონამ” მასში 125 მილიონი ევრო გადაიხადა — ასე გაიბერა ტრანსფერის ფასი ბონუსებისა და ხელშეკრულებაში ჩადებული სხვადასხვა პუნქტების გამო. ესპანეთში ჩატარებულ პირველ სეზონში დემბელე ტრავმებმა დააბრკოლა და მხოლოდ 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში ფრანგმა უკვე 42-ჯერ ითამაშა (14 გოლი; 9 საგოლე პასი), მაგრამ თავისი უდისციპლინობით ბარსელონელები საკმაოდ შეაწუხა.