ესპანურმა პრესამ ხმაური ატეხა: ნეიმარმა და „ბარსელონამ” სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიესო.

ცნობილია, რომ ბრაზილიელმა „პარი სენ ჟერმენიდან” გაქცევა განიზრახა და ბოლოხანს ახალი გუნდის ძიებაში იყო. და აი, კატალონიურმა „სპორტმა” დაწერა, რომ ფორვარდმა თავის ყოფილ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა.

„სპორტი” წერს, რომ 27 წლის ვარსკვლავს „ბარსას” პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუსთვის სიტყვაც არ შეუბრუნებია, პირდაპირ დათანხმდა ყველა პირობას, რაც ბიზნესმენმა შესთავაზა.

გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ბრაზილიელი წელიწადში 24 მილიონ ევროს დაყაბულდა, მაშინ როდესაც „პარი სენ ჟერმენში” 37 მილიონამდე იღებდა. სხვა სიტყვებით, ნეიმარი იმ ჯამაგირს უბრუნდება, რომელიც „ბარსელონაში”, „პარი სენ ჟერმენში” გადასვლამდე ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, როდესაც ფორვარდი „კამპ ნოუდან” „პარკ დე პრენსზე” გადაბარგდა, პარიზელებმა მასში 200 მილიონი ევრო გადაიხადეს. სავარაუდოდ, ბრაზილიელის კატალონიაში დაბრუნება ახლა უკვე „ბლაუგრანას” დაუჯდება სარეკორდო თანხა.

ნეიმარი კლუბებს შორის მოლაპარაკების შედეგებს ელოდება.