ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე ამბებმა, ეროვნული ლიგა ცხადია, ჩრდილში მოაქცია. ერთი, რითაც გასულ დღეებში ფეხბურთელებმა ყურადღება მიიქციეს, ანტისაოკუპაციო აქტები გახლდათ. ასეთი მაისურებით გავიდნენ მინდორზე ქუთაისის „ტორპედოს,“ „ლოკომოტივისა“ და „რუსთავის“ ფეხბურთელები.

ამან რუსული მედიისა და სპეციალისტების უკმაყოფილება გამოიწვია. გაზეთ-პორტალები განსაკუთრებით ქუთაისელთა მე-8 ნომერ ნოდარ ქავთარაძეზე წერენ: რუსეთის მოქალაქეა და „რუსეთი ოკუპანტია“ მკერდზე როგორ დაიწერაო.

რუსეთის დუმის დეპუტატმა, იგორ ლებედევმა, ფიფას მოუწოდა რეაგირება მოახდინოს ქართველთა ქმედებაზე: „ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ უფლებამოსილების ფარგლებში, რეაგირება უნდა მოახდინოს ოფიციალური მატჩებისას ფეხბურთელთა ქმედებებზე,“  – დაწერა სოციალურ ქსელში ლებედევმა.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა კი ქართველების საპროტესტო აქციას – სიმდაბლე უწოდა.

დაჩრდილული ფეხბურთი

ახლა ორიოდ სიტყვა ფეხბურთზეც ვთქვათ. ლიდერთა შეხვედრამ მოლოდინი ვერ გაამართლა. „საბურთალომ“ და ბათუმის „დინამომ“ მოსაწყენი ფეხბურთი ითამაშეს. ვერც გოლები გაიტანეს და სახიფათო მომენტებიც ძალიან ცოტა იყო. ერთადერთი, რამაც ყურადღება მიიქცია, ბათუმელი ქომაგების ბანერი გახლდათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფერებში გაწყობილი ღორი ეხატა წარწერით: „ღრუსეთი ოკუპანტია!

ასეა თუ ისე,
„საბურთალო“ ისევ ლიდერია და ერთი ქულით უსწრებს ბათუმელებს.

„ტორპედო“ – 30 და 21

„ტორპედო“ აღარ ხუმრობს. მათი შედეგიანობა გასაოცარია. ბოლო 10 ტურში ქუთაისელებმა 30 გოლი გაიტანეს, თუმცა საკმაოდ ბევრი – 21 გაუშვეს.

ამჯერად ქუთათურების მსხვერპლი ბოლნისის „სიონი“ გახდა. იმერლებმა 7-ჯერ დაამწუხრეს ქვემოქართლელები. სამი გოლით გამოირჩა ბუდუ ზივზივაზე, რომლსაც მატჩის წინ მეორე წრის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს. ეს მეორე ჰეთ-თრიქი გახლდათ მიმდინარე სეზონში.

ორი გოლი მიითვალა ზემოთხსენებულმა ნოდარ ქავთარაძემ. ეს 22-ე დუბლი იყო სეზონში.

სოლიდარული გოშთელიანი

„დილამ“ გორში „ვიტ ჯორჯია“ 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი ექს-საბურთალოელმა, გურამ გოშთელიანმა გაიტანა და აღნიშვნისას, ხელი მარჯვება თვალზე მიიფარა. ეს სოლიდარობის აღმნიშვნელი ჟესტი გახლდათ, მათ მიმართ, ვინც 20 ივნისის ღამეს მიტინგზე მხედველობა დაკარგა. იგივე ჟესტით გამოირჩნენ თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები ოთარ კობახიძე და დავით ჯიქია, „რუსთავთან“ მატჩში.

ნინუა

„დინამოს“ „ჩიხურასთან“ გაუჭირდა, თუმცა 3 ქულა მაინც მოიპოვა და ლიდერებს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ერთადერთი ბურთი 80-ე წუთზე ნიკა ნინუამ გაიტანა, თანაც ისეთი, სეზონის საუკეთესო გოლზე რომ ექნება პრეტენზია. 20 წლის ნახევარმცველმა პირდაპირ ცხრიანში ჩაუჭედა ბურთი საჯარომო დარტყმით სტუმართა ბოსნიელ მეკარე დინო ჰამზიჩს.

გუნდებმა მატჩი კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს. მსაჯმა რუხაიამ, ბოლოსკენ ჯერ საჩხერელი შოთა კაშია გააძევა, ორიოდ წუთში კი მას გოლის ავტორიც მიაყოლა.

ტორპედო 7:0 სიონი

1:0, 2:0 ზივზივაძე (11, 16), 3:0, 4:0 ქავთარაძე (18, 41), 5:0 გეგეჭკორი (61), 6:0 წიქარიძე (68), 7:0 ზივზივაძე (80)

ლოკომოტივი 1:1 რუსთავი

1:0 სიხარულიძე (2), 1:1 ციცქიშვილი (44)

გაძევება: ოთარ კობახიძე (ორი ყვითელი, ლოკომოტივი)

საბურთალო 0:0 ბათუმი

დინამო 1:0 ჩიხურა

1:0 ნინუა (80)

გაძევება: ნინუა (დინამო, ორი ყვითელი, 89); შოთა კაშია (ჩიხურა, ორი ყვითელი, 87)

დილა 2:0 ვიტ ჯორჯია

1:0 კუგბენია (47), 2:0 გოშთელიანი (50)

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი30195651:2562
დინამო30195662:2862
საბურთალო30176754:3157
ლოკომოტივი301241436:4240
ტორპედო301171248:4540
დილა301071334:3837
ჩიხურა308111137:3635
რუსთავი308101232:4534
სიონი30871532:6931
ვიტ-ჯორჯია30462013:4018

მორიგი ტური

25 ივნისი: ლოკომოტივი – საბურთალო, ბათუმი – ტორპედო

26 ივნისი: ჩიხურა – დილა

27 ივნისი: სიონი – დინამო, რუსტავი – ვიტ ჯორჯია

მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო) – 13, ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო) – 10