ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე გამოვიდა… არა, მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშები მასშტაბურობით დიდ ოლიმპიადას ვერ გაუტოლდება, თუმცა ერთ დღეს მოპოვებული 10 მედალი მაინც შთამბეჭდავი შედეგია.
ცეცხლის ანთებიდან მეორე დღესვე საქმეში ქართველი სპორტსმენები ჩაერთვნენ. სამიზნე ჯერ ნინო სალუქვაძემ და მისმა ვაჟმა მოსინჯეს, მერე კი ხალიჩაზე ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა გამოვიდა. მათ სროლასა და ტანვარჯიში საპრიზო ადგილები არ მოუნადირებიათ, აი ტატამზე კი მედლების ნამდვილი წვიმა მოეწყო.
ქართველმა ფალავნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საჭიდაო სახეობებში ბევრ ბობოლა ქვეყანას ტოლს არ ვუდებთ და ბარე ორს აღვემატებით კიდეც.
ძიუდოში ტატამზე სულ ორი წონითი კატეგორიის წარმომადგენელი ხუთი ქართველი სპორტსმენი შედგა, აქედან ოთხმა მედალი მოიპოვა.
60 კილოგრამამდე ამირან პაპინაშვილმა ქართულ დელეგაციას ტურნირის პირველი ბრინჯაო, ამავე წონაში კი ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი აჩუქა.
66-ში ნახევარფინალს ორმა ქართველმა უწია, თუმცა ოქროსთვის ბრძოლაში ვაჟა მარგველაშვილსაც და ბაგრატ ნინიაშვილსაც მოეცარათ ხელი, სამაგიეროდ ორივემ ბრინჯაო ირგუნა.
ძიუდოს მონათესავე სამბოში გადავინაცვლოთ, სადაც ქართველებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს მოახდინეს. 7 წონითი კატეგორიიდან 5-ში ჩვენები ფინალში გავიდნენ.
82-ში ბექა ბერულავამ ბრინჯაო მოგვიპოვა. ხუთი ფინალიდან ორში ფორტუნა ჩვენს მხარეს აღმოჩნდა. ჯერ იყო და 57 კილოში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ვახტანგ ჩიდრაშვილმა რუსი ფალავანი გააკრა ბეჭებზე, მერე კი საქართველოს ჰიმნი დავით ლორიაშვილმა ააჟღერა (-100).
გაგვახარეს გოგონებმაც, თუმცა ისინი მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. საკამათო იყო ნინო ოძელაშვილის მარცხი. 29 წლის ქართველი მასპინძელთა ანჟელა ჟილინსკაიას 2:0 უგებდა, როცა ხელი იტკინა და დახმარებისთვის ექიმს მიმართა. მსაჯებმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს – ნინოს ჭიდაობის გაგრძელებია უფლება არ მისცეს და გამარჯვება ბელარუს სპორტამენს მიულოცეს.
როგორც მერე გაირკვა, ზურა კახაბრიშვილი ოძელაშვილის დასახმარებლად ტატამზე მსაჯის ნიშანზე ადრე აიჭრა, წაგებაც ამის ბრალი ყოფილა. რა სიმბოლური იქნებოდა, ეს ტრიუმფალური დღე ქართულ ჰიმნს რომ დაესრულებინა. შანსიც იყო, დღის ბოლოს (+80) ელენე ქებაძე ჭიდაობდა, თუმცა ძიუდოდან გადმოსული გოგონა უკრაინელ საპსაის დანებდა…
ევროპულ თამაშებში მონაწილეობას 50 ქვეყანა იღებს, ბევრ მათგანს ჩვენზე სამჯერ ან ოთხჯერ მეტი სპორტსმენიც კი ჰყავს, ამიტომ რეალისტურად ფიქრი მოგვიწევს, თუმცა პირველი დღის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში 10 მედალი და მესამე ადგილი, მაინც შთამბეჭდავი და სასიხარულო ამბავია.
P.S. ძიუდოში, 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მეოთხედფინალშია ლაშა შავდათუაშვილი, ვინც ძველ ნაცნობს, რუს დენის იარცევს შევხდება