ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა არგენტინაში გამართული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულეს. ილია მაისურაძის გუნდმა მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში იტალიელ თანატოლებთან 17:29 დამარცხდა, არადა მეორე ტაიმში იყო დროის ისეთი 6-წუთიანი მონაკვეთი, როცა ქართველები 17:7 იგებდნენ.
პირველი ტაიმი იტალიელებმა 7:0 მოიგეს. თამაში მათი უპირატესობით დაიწყო და მე-11 წუთზე მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელთა ლელოც გავიდა. ტაიმის ბოლოს რეფერიმ, რომელიც ამ სტრიქონების ავტორს აშკარად მიკერძოებული მოეჩვენა, ჩვენი უკანახაზელი ირაკლი სიმსივე გაასინბინა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ახალგაზრდებმა იტალიელთა შტურმს გაუძლეს და თანდათან ინიციატივაც ხელთ იგდეს.
მეორე ტაიმის დებიუტი აშკარად ქართველებისა იყო. იმძლავრა ჩვენმა მთავრმა იარაღმა – შერკინებამ, რომელიც მეტოქეს აღარაფერს უთმობდა და დროდადრო ჩაგრავდა კიდეც. თედო აბჟანდაძემ შერკინების მიერ მოპოვებული ჯარიმა 3 ქულად აქცია, შემდეგ დემე თაფლაძემ ფლანგზე გაინავარდა და თანაგუნდელთა ლამაზი იერიში იტალიის ლელოში შერბენითა და ბურთის ძელებსშუა დამიწებით დაასრულა. თედომ გარდასახა და 10:7 დავწინაურდით.
იტალიელები ძალიან არაკონცეტრირებულად თამაშობდნენ, შეცდომებს ხშირად უშვებდნენ და მიხეილ ალანიამ 52-ე წუთზე მათი დაცვის ხაზი კიდევ ერთხელ გაჭრა, რასაც აბჟანდაძის მორიგი გარდასახვა მოყვა – 17:7. ქართველთა სათამაშო და ფსიქოლოგიური უპირატესობა აშკარა იყო. ჩვენები ბურთსაც ფლობდნენ და ტერიტორიასაც, მაგრამ იტალიელებმა დროული შეცვლები განახორციელეს, არ გატყდნენ და ჭკვიანური, მობილიზებული მოქმედებებით ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს შეცდომები იქით დააშვებინეს.
ჩვენი უპირატესობა მალევე გაბათილდა და იტალიელებმა დასკვნითი 25 წუთი იერიშებში გალიეს. მათ სამი უპასუხო ლელო გაგვიტანეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 29:17.
მიუხედავად ამისა ჩვენი ახალგაზრდებისთვის აუგის სათქმელად ენა არ მოგვიბრუნდება. მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მე-4 გამოსვლა აფსოლუტურად დამაკმაყოფილებლად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანა – ელიტაში ადგილის შენარჩუნება, შესრულებულია და მომავალ წელს, იტალიიის ქალაქ ტრევიზოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 20 წლამდე ასაკის ქართველი მორაგბეები მიჯრით მეხუთედ გამოვლენ. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იგივე იტალიის, სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის ნაკრებები იქნებიან. ურთულესი ოთხეულია, თუმცა ეს მსოფლიო პირველობაა და აქ სუსტი მეტოქე არ არსებობს.
ჩემპიონი კი უცვლელია – ახალგაზრდა ფრანგებმა ტიტული ავსტრალიელ თანატოლებთან დრამატულ მატჩში დაიცვეს – 24:23. მესამე ადგილი სამხრეთ აფრიკამ დაიკავა, რომელმაც მასპინძელ არგენტინელებს შავი დღე აყარა 41:16.
მე-5 ადგილი ინგლისელებმა დაიკავეს, რომლებმაც მეზობელი უელსელები 45:26 არ დაინდეს. მე-7 ადგიზე კი „ბეიბი ბლექსი“ გავიდა და ესაა წლევანდელი ჩემპიონატის მთავარი მოულოდნელობა. ზელანდიელებმა ასე დაბლა ტურნირი პირველად დაასრულეს და ბოლო მატჩში ირლანდიელებს 40:17 სძლიეს. ელიტაში დარჩენისთვის გადამწყვეტ მატჩში კი მსოფლიო რაგბის მამებისთვის მეტად მტკივნეული და არასასურველი შედეგი დადგა – ახალგაზრდა შოტლანდიელებმა თანატოლ ფიჯელებთან ვერაფერი გააწყეს და 34:59 შერცხვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში შოტლანდიელი 20-წლამდელები ქვედა დონეზე, ალაფაზე იბრძოლებენ, ხოლო მათ ადგილს დამდეგ ივლისში გასამართი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს. თუმცა, მოარული ხმების თანახმად, მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობა ექვსი ერის მონაწილე გუნდის დაქვეითებას არ შეეგუება და ან ზედა დონეს გაზრდის, ან მომავალ ჩემპიონატს შოტლანდიაში ჩაატარებს და ასე შეუნარჩუნებს ამ გუნდს ელიტაში ადგილს. ვნახოთ რომელ მორიგ უწესობას ჩაიდენენ ძლიერნი ამა ქვეყნისა…