„ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი „აიაქსიდან” მატეის დე ლიხტის შეძენა იყო და თავად ჰოლანდიელ მცველსაც კატალონიის დედაქალაქზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონმა პროცესი შეაჩერა. მიზეზი: დე ლიხტში არაადექვატური ფულის გადახდა უწევს.

როგორც ესპანური პრესა წერს, ახლა „აიაქსის” კაპიტანთან „იუვენტუსი” და „პარი სენ ჟერმენი” აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

დავუბრუნდეთ თანხებს: როდესაც „ბარსამ” დათვალა და აღმოაჩინა, რომ 19 წლის მოთამაშეში, ხუთ წელიწადში 200 მილიონ ევროზე მეტი ექნება გადასახდელი, მიხვდა, რომ ის ამად არ ღირს. მითუფრო, რომ ჯერჯერობით, „ბლაუგრანას” ცენტრალური მცველები არ აკლია: ჟერარდ პიკე, კლემენტ ლენგლეტი, სამუელ უმტიტი და ჟან-კლერ ტობიდო.

საკუთრივ სატრანსფერო თანხა, რომელსაც „ბარსელონასგან” „აიაქსი” ითხოვს, 75 მილიონი ევროა, რასაც ზედ ათასი „კუდი” ემატება. სავარაუდო კონტრაქტი ხუთწლიანია. დე ლიხტი ხელფასად წელიწადში, ხელზე 12 მილიონ ევროს ითხოვს და აქვე არ დაგავიწყდეთ, სუპერაგენტ მინო რაიოლასთვის სატრანსფერო თანხის 20% არის გადასახდელი.

მიაქცევდით ყურადღებას, რომ პრემიალურები არც კი გვიხსენებია.