„რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდული გუნდის გეგმებზე ილაპარაკა. კერძოდ, ფრანგმა თქვა, როდის აპირებს ახალშეძენილი ფეხბურთელების საქმეში გამოცდას.
მადრიდელებმა, ამ ზაფხულს, ახალი ფეხბურთელების ყიდვაში უკვე 280 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს. ჩამოვთვალოთ ის ხუთეული, რომელიც მომავალი სეზონიდან „სანტიაგო ბერნაბეუზე” ითამაშებს: ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, როდრიგო, ედერ მილიტაო და ფერლანდ მენდი. მათგან პირველი სამი შემტევია, ბოლო ორი კი მცველი.
„რეალი” სეზონისწინა შეკრებას კანადაში, მონრეალში დაიწყებს, საიდანაც აშშ-ში გადავა. აქ „თეთრები” ყოველწლიურ საზაფხულო შეჯიბრებაში, ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე ითამაშებენ. კალენდარი ასეთია: 21 ივლისს „რეალი” „ბაიერნს” შეხვდება, 24 ივლისს „არსენალს”, 27 ივლისს კი თანაქალაქელ „ატლეტიკოს”.
ზიდანმა თქვა, რომ მან ახალი ფეხბურთელები სატრანსფერო სეზონის დაწყებისთანავე იმიტომ დაიმატა, რომ შეკრებაზე უკვე სრული შემადგენლობა ჰყავდეს და სრულყოფილი მოსამზადებელი ეტაპი ჩაატაროს.
შემდეგ, „რეალის” თავკაცმა დასძინა, რომ აზარი, იოვიჩი და როდრიგო „ბაიერნთან” პირველ შეხვედრაშივე ითამაშებენ.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონრეალში ყველა ფეხბურთელი გვახლდეს, — თქვა ზიზუმ, — გეგმაც სწორედ ეს არის. ახალი ფეხბურთელები თავიდანვე იმიტომ დავიმატეთ, რომ ახლა მომზადებას შევუდგეთ. სეზონისწინა სამზადისი ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.