გადაწყდა: პეტრ ჩეხი „ჩელსის” მრჩეველი იქნება, როგორც ტექნიკურ, ასევე ფეხბურთის საკითხებში.

მოგეხსენებათ, „ლურჯების” ყოფილი ვარსკვლავი ბოლო წლებში „არსენალის” კარს იცავდა, ამ ზაფხულის პირს კი თამაშს თავი დაანება. სხვათა შორის, როგორც კი ჩეხმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მყისვე დაირხა ხმა, რომ ის ამა თუ იმ თანამდებობაზე აუცილებლად დაბრუნდება „ჩელსიში”.

ჩეხი „სტემფორდ ბრიჯზე” 2004-2015 წლებში თამაშობდა, რის მერეც თავისუფალი აგენტის სტატუსით ლონდონშივე, „ემირეით სტედიუმზე” გადაბარგდა.

— „ჩელსიში” დაბრუნება ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. მე აქ შევეცდები ისეთი გარემოს შექმნას, სადაც გუნდი საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს და განაგრძობს ისეთი წარმატებების მიღწევას, როგორსაც ბოლო 15 წლის განმავლობაში აღწევდა.

ველი ახალ-ახალ გამოწვევებს და ვიმედოვნებ, რომ ჩემს საფეხბურთო ცოდნას მაქსიმალურად მოვახმარ გუნდს, — თქვა ჩეხმა.

თუ „ჩელსის” მწვრთნელად ფრენკ ლემპარდს დანიშნავენ, მაშინ კლუბში ყოფილი თანაგუნდელებისგან შექმნილი, თანამოაზრეთა ჯგუფი იმუშავებს.

ყოფილი ნახევარმცველი ამ დღეებში საფრანგეთში ისვენებდა, სადაც, როგორც ამბობენ, დასავლეთ ლონდონური კლუბის პრეზიდენტს რომან აბრამოვიჩს შეხვდა.

ამბობენ, რომ „დერბი ქაუნთი”, სადაც ლემპარდი მწვრთნელად მუშაობს, ყველა ღონეს ხმარობს, რათა ის დაიტოვოს; ახალ კონტრაქტსაც კი სთავაზობს გაზრდილი ხელფასით, მაგრამ ვეტერანს გული მშობლიური „სტემფორდ ბრიჯისკენ” მიუწევს.

„ჩელსის” ყოფილი მწვრთნელი მაურიციო სარი „იუვენტუსში” გადავიდა.