მაურიციო სარიმ ევროლიგა მოიგო და… ის „ჩელსის” მწვრთნელობიდან გადააყენეს, — წერს BBC, ოღონდ დასძენს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია. მწვრთნელებს დასავლეთლონდონელთა სათავეში ცოტა ხნით აჩერებენ. რაც რომან აბრამოვიჩმა ეს კლუბი შეიძინა (ანუ ბოლო 16 წელიწადში), „ჩელსიმ” 12 მწვრთნელი გამოცვალა, ოღონდ 16 ტროფიც მოიგო.
რამდენ ხანს ჩერდებოდნენ თანამდებობაზე სარის წინამორბედები? ანდა, სად უფრო დიდხანს ენდობოდნენ მწვრთნელებს, „ჩელსიში” თუ სხვა წამყვან ინგლისურ კლუბებში?
აბრამოვიჩის ხელში „ლურჯების” მწვრთნელად ერთი კაცი საშუალოდ 437 დღეს ჩერდება, რაც „ლივერპულის” მაჩვენებელზე მთელი 584 დღით ნაკლებია.
აბრამოვიჩი იქით იყოს და რაც პრემიერლიგა არსებობს, „სტემფორდ ბრიჯზე” ოთხი სეზონი არავის გაუტარებია — სამ-სამი სეზონი იყვნენ ჟოზე მოურინიუ (პირველ ჯერზე), კლაუდიო რანიერი და გლენ ჰოდლი.
ზემოთ კი მოგახსენეთ, რომ მწვრთნელების ხშირი ცვლა შედეგებზე (რატომღაც) ცუდად არ მოქმედებს — აბრამოვიჩის მოყვანილთაგან რვამ ესა თუ ის შეჯიბრება მოიგო.
ფაქტობრივად, აბრამოვიჩის მოყვანილთაგან თუკი ვინმემ თანამდებობაზე მთელი სეზონი გაძლო, აუცილებლად რაიმე ტროფიც მოიგო. და კიდევ, რაც რუსი მილიარდერი ლონდონშია, „ჩელსის” ერთ სეზონზე მეტი ჯილდოს გარეშე არ გაუტარებია.
ერთი სიტყვით, შეიძლება ვინმეს ეჩვენება, რომ სარი მალე გააგდეს, მაგრამ აბრამოვიჩის ეპოქაში მასზე მეტხანს მხოლოდ ოთხი… უფრო სწორად სამი კაცი გაჩერდა — ორჯერ მოურინიუმ გაძლო.
სარიმ „სტემფორდ ბრიჯზე” 337 დღე დაჰყო, რაც, როგორც თავად ხედავთ, საშუალო აბრამოვიჩულზე ნაკლებია, მაგრამ მეორე მხრივ, იტალიელმა რვა წინამორბედს აჯობა — რანიერის (336), ავრამ გრანტს (248), ლუიშ ფელიპე სკოლარის (224), გუს ჰიდინკს (109), ანდრე ვილაშ-ბოაშს (257), რობერტო დი მატეოს (263), რაფა ბენიტესს (190) და ხელმეორედ მოსულ გუს ჰიდინკს (149).
BBC სვამს კითხვას, ნეტავ, „ჩელსიში” მოყვანილი მწვრთნელების მალ-მალე გაშვების მიზეზი ის ხომ არ არის, ჯილდოებს დანიშვნიდან ცოტა ხანში რომ იგებენო? ხუთი მწვრთნელიდან, რომლებიც თანამდებობაზე ერთი სრული სეზონი მაინც გააჩერეს, ხუთივემ მოიგო ესა თუ ის ტროფი. მათგან ოთხმა ჯილდოს აღმართვა პირველსავე სეზონში მოახერხა.
ახლა ფულზეც ვთქვათ. რომან აბრამოვიჩმა მაურიციო სარის ფეხბურთელების შესაძენად 189 მილიონი გირვანქა მისცა. ამაზე მეტი რუსმა მხოლოდ სამჯერ გაიმეტა — ორჯერ მოურინიუს და ერთხელ ანტონიო კონტეს შემთხვევაში.
და სამიდან სულ მცირე ორი ჯილდო სამივე ჯერმა მოიტანა.
ფაქტობრივად, სარი პირველია, ვისაც ოლიგარქმა 100 მილიონზე მეტი მისცა, მან კი მხოლოდ ერთი ჯილდო მოიგო.
მოკლედ, ფულის თვალსაზრისით ყველაზე ხეირიანი მოურინიუს პირველი პერიოდი გამოდგა — თითო ჯილდოზე საშუალოდ 67,14 მილიონი გირვანქა გამოდის.