ინგლისში კმაყოფილებით წერენ, რომ ანტუან გრიზმანი ჯერ კიდევ შეიძლება გახდეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, რადგან „ბარსელონამ” კატეგორიულად განაცხადა, რომ ფრანგთან არაფერზე შეთანხმებულა.
რაც სატრანსფერო ბაზრის კარი გაიღო, „ბარსა” 28 წლის მსოფლიოს ჩემპიონის მყიდველთა რიგში პირველი იდგა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას საშველი აღარ დააყენა და „მანჩესტერ იუნაიტედმაც” გადაწყვიტა თავისი ცადოს.
გეხსომებათ, გრიზმანმა მაისში განაცხადა, რომ „ატლეტიკოდან” მიდის. წინაისტორიებიდან გამომდინარე, ამის გაგონებაზე ყველამ ის იფიქრა, რომ მისი მიზანი „ბარსელონაში” გადასვლა იყო, მაგრამ კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ თქვა, გრიზმანთან არც კი გვილაპარაკიაო.
„რა განვაცხადო, როდესაც განსაცხადებელი არაფერია, — თქვა მან, — ჩვენ ხომ ბევრჯერ გავიმეორეთ, რომ მასთან არც კი გვილაპარაკია. ბოლო კვირები და დღეებია, ყველანი იმის მოწმენი ვხდებით, როგორ ძვირდება ფეხბურთელების ფასი ბაზარზე”.
როგორც გითხარით, ბარტომეუს ამ განცხადებამ „მანჩესტერ იუნაიტედი” გაააქტიურა. მანჩესტერეელებმა გასულ სეზონში ვერ იყოჩაღეს და ახლა შემადგენლობის გაძლიერება სურთ.
„იუნაიტედს” თავად გრიზმანის ერთმა განცხადებამაც უბიძგა — შეიძლება ესპანეთიდან სულაც სხვა ქვეყანაში გადავბარგდეო.
„ჩემი მომავლის გარკვევა ყველაზე მეტად მე თვითონ მინდა, მაგრამ ჯერჯერობით მოცდა ჯობს. ნამდვილად არ ვიცი, ესპანეთში დავრჩები თუ არა”, — თქვა მან.
„დეილი მეილმა” დაწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” ფრანგის საყიდლად 95 მილიონი გირვანქა აქვს გადადებული.