
თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) ერთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. 12 მონაწილე ორ ექვსგუნდიან ჯგუფად იყო გაყოფილი. B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ხუთივე თამაში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც A ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ დიდ ბრიტანეთს უნდა შეხვდეს.
თამაში ხვალ, 15 ივნისს, შაბათს, 18 საათზე გაიმართება. დასწრება უფასოა.
20 საათზე კი გაიმართება მეორე ნახევარფინალური მატჩი კუბასა და ბულგარეთს შორის.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, სერბი ნიკოლა მაქსიმოვიჩი ჩემპიონატის დაწყებამდე ხაზს უსვამდა, რომ დიდი მნიშვნელობა ექნებოდა პირველ მატჩს. პირველმა მატჩმა კი ქართველებს ნიგერიასთან უწიათ. ტურნირის მასპინძლები მართლაც მობილიზებულები შეხვდნენ ამ თამაშს და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან აფრიკელებმა წინააღმდეგობა გაწიეს, გაიმარჯვეს 27:14.
ბარემ აქვე ავღნიშნოთ, რომ მთელი ჯგუფური ეტაპის განმავლობაში თვალში საცემი იყო საქართველოს ნაკრების გამორჩეული გუნდურობა, ერთსულოვანი, დალაგებული თამაში დაცვაში და მეკარეების, 38 წლის შოთა თევზაძისა და 23 წლის ზურაბ ცინცაძის ეფექტურობა.
მეორე შეხვედრაში ქართველებმა დიდწილად მეორე შემადგენლობით იოლად სძლიეს აუტსაიდერ მალტას 39:13, მესამე ტურში აჯობეს ირლანდიას 37:17, მეოთხეში აშშ-ს 28:22 და ბოლოს, B ჯგუფის კიდევ ერთ ფავორიტს, ბულგარეთის ეროვნულ გუნდს, რომელსაც ოთხი ტურის შემდეგ ასევე ოთხი გამარჯვება ჰქონდა — 35:19.

მთელი ჩემპიონატის განმავლობაში უთუოა საქართველოს ნაკრების მოწადინება და სურვილი, მშობლიურ კედლებში, თავისი გულშემატკივრის წინ მიაღწიოს წარმატებას.
A ჯგუფში (კუბა, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, კოლუმბია, აზერბაიჯანი, ინდოეთი) ყველა თამაში მოიგო კუბამ. კუბელებს აშკარად ეფექტური გუნდი ჰყავთ, რომელიც ნახევარფინალში, ბულგარეთთან სავარაუდოდ ფავორიტია.
შეგახსენებთ, რომ IHF-ს ერთა ჩემპიონატი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ 6 ევროპული გუნდისთვის ევრო 2022-ის ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპიც გახლავთ ანუ ის ევროპული გუნდი, რომელიც შეჯიბრებაში სხვებზე მაღალ ადგილს დაიკავებს, გაისად გაზაფხულზე ხსენებული საკვალიფიკაციო შეჯიბრების ფლეი-ოფის ეტაპზე ითამაშებს.
მიუხედავად ასეთი დატვირთვისა, IHF-მ ამ შეჯიბრბაში (რომელიც მესამედ ტარდება) შემოიღო ასაკობრივი ცენზი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ გუნდს უფლება აქვს 14-კაციან განაცხადში მხოლოდ სამი მოთამაშე ჰყავდეს 24 წელზე უფროსი.