გოლდენ სტეიტმა ბრწყინვალება დაკარგა – სტივ კერის ბიჭების ჰეგემონია დაემხო.

NBA-ს სუპერფინალური სერიის მეექვსე მატჩში, კავაი ლეონარდმა და ბიჭებმა ორაკლ არენაზე ერთხელაც, ამჯერად – 114:110 იმარჯვეს და ტორონტო ისტორიაში პირველად გააჩემპიონეს.

კანადურმა კლუბმა წინა შეხვედრების მსგავსად, უპირატესობა გადამწყვეტ მატჩშიც დასაწყისიდანვე მოიპოვა და „მეომრებს“ უპირატესობის მოპოვების საშუალება არ მისცა. სტუმრების პირველი 11 ქულა სწორედ კავაიმ აიღო, საბოლოო ჯამში კი მისმა მონაგარმა 22 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი შეადგინა.

რა გასაკვირია, რომ ლეონარდს მეორე საჩემპიონო ბეჭედთან ერთად, ფინალების MVP-ის წოდებაც უბოძეს.

NBA-ს ისტორიაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა კალათბურთელმა ფინალებში საუკეთესოს წოდება სხვადასხვა გუნდებთან ერთად მოიპოვა. აქამდე ლებრონ ჯეიმსი მაიამიში და კლივლენდში თამაშისას დაასახელეს საუკეთესოდ, ხოლო ქარიმ აბდულ ჯაბარი ლეიკერსსა და მილოუკიში ყოფნისას.

ჩემპიონობამდე ტორონტომ რთული გზა გაიარა. შარშან, „რაპტორსი“ გათამაშებას ფლეი ოფში, ზედიზედ მესამედ გამოეთიშა, მაშინ უკეთესი ლებრონ ჯეიმსი და „კლივლენდი“ აღმოჩნდნენ. კანადელებმა დაითხოვეს მთავარი მწვრთნელი, შეიმატეს კავაი ლეონარდი და დენი გრინი, გაცვლის ბოლო დღეს კი კონტრაქტი ვეტერან პოუ გასოლთან გააფორმეს.

„ტორონტოს“ ბრძოლა ყველა ეტაპზე მოუწია. „ფილადელფია“ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში მეშვიდე, ხოლო ფინალში რეგულარულის მომგები მილოუკი მეექვსე მატჩში დაამარცხა. გუნდში ყველა კალათბურთელმა თავისი ადგილი იცის. გუნდის წევრები ერთმანეთს ავსებენ და აკი, კავაის ლიდერობით მათ ისტორიულ შედეგსაც მიაღწიეს… ამიტომ, ბოლო 5 სეზონის ფინალისტისა და ხუთგზის ჩემპიონის დამარცხებას, მხოლოდ დურანტ-ტომპსონის ტრავმიანობას ნუ მივაწერთ.