

რას ერჩოდნენ იგორ კრიუშენკოს? კაცმა მოსაგები მოიგო, წასაგები წააგო და გუნდი ერთა ლიგის ფლეი ოფამდეც კი მიიყვანა. როგორც იტყვიან, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, თორემ ეგ რომ ვინმე სლოვენიელი ყოფილიყო, ზედმეტს ვინ აკადრებდა?!
არა, პრესკონფერენცია დიპლომატიური ეტიკეტის სრული დაცვით ჩატარდა. ფედერაციის ხელმძღვანელობამ და აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა სულ მადლობები უხადეს ერთმანეთს – ორმხრივი სურვილით გავწყვიტეთ კონტრაქტიო.
არადა, მიზეზი ყველამ იცის. იგორ კრიუშენკოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ოთხი წაგებით დაწყება არ აპატიეს. არადა, ჯგუფში გერმანია, ჰოლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია ჰყავთ.
არ აპატიეს და მორჩა! ბედი არ გინდა?
ჰყოლოდა ქვეჯგუფში, დავუშვათ, გიბრალტარი და მოეგო (დავუშვათ) 3:0, ხომ იქნებოდა ბედნიერად საკუთარ პოსტზე?
რასაც ვუყურებ, ნამეტანი ამბიციური ხალხი ხელმძღვანელობს ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციას.