სად არის ქალის ადგილი, საჭესთან თუ სამზარეულოში? ვისთვის როგორ, თუმც ამერიკის ქალთა ნაკრებს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ადგილი დამსახურებულად კი უკავია.
მაშინ, როცა მამაკაცები სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას „სოკერს“ ეძახიან, ხოლო MLS-ის მატჩებზე დასწრებას უმეტესად ბეისბოლის ან ამერიკული ფეხბურთის ცქერა ურჩევნიათ, ქალთა ნაკრები მონდიალის რეკორდსმენი ხდება.
მსოფლიოს ჩემპიონმა და ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა საფრანგეთში მიმდინარე მონდიალი ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო და ტაილანდს 13 უპასუხო გოლი გაუტანა. ეს რეკორდია – აქამდე (არც ვაჟთა, არც ქალთა) მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ შეხვედრაში მეტოქის კარი გუნდს 13-ჯერ არ აუღია.
პირველად მოხდა ისიც, რომ მატჩში მთლიანად 13 გოლი გავიდა. ამერიკელმა ქალებმა 1954 წლის მონდიალის შედეგი გააუმჯობესეს, მაშინ ავსტრიამ შვეიცარიას (ვაჟებმა) – 7:5 მოუგო.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ალექს მორგანი იყო, რომელმაც მეტოქეს 5 გოლი გაუტანა, ოქროს ბურთის 2015 წლის გამარჯვებულმა კარლი ლოიდმა კი მატჩში ბოლო წერტილი დასვა.