აგერ უკვე 10 წელია, რაც კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერის შვიდნომრიანი მაისურა გაიხადა და მადრიდული ოცნებისკენ მიმავალ გზას გაუყვა.
წითელი ეშმაკების მაისურის ტარება საპასუხისმგებლო ამბავია. ამ ნომრით არაერთ ლეგენდას უთამაშია, ბოლო ათწლეულში კი ის დიდებულთან უკვე არაფერთან ასოცირდება.
როცა რონალდუმ იუნაიტედის კარი გაიხურა, უკან 118 გოლი, ჩემპიონთა ლიგის თასი და ოქროს ბურთი მოიტოვა, სხვა ტიტულებზე და რეკორდებზე საუბრით კი თავს არ შეგაწყენთ.
რა მოხდა შემდეგ? პორტუგალიელის წასვლიდან დღემდე, 7-ნომრიანი მაისური მაიკლ ოუენმა, ანტონიო ვალენსიამ, ანხელ დი მარიამ, მემფის დეპაიმ და ალექსის სანჩესმა მოირგეს, თუმცა…
ჩამოთვლილი გვარები შესანიშნავად ჟღერს, თუმცა მათ „მანჩესტერში“ კარიერის საუკეთესო პერიოდი არ გაუტარებიათ. ხუთივე ფეხბურთელმა ერთად პრემიერლიგაში ჯამში 15 გოლი გაიტანა. ეს მაშინ, როცა, 2007/08 წლების სეზონში რონალდუმ იმ დროისთვის სარეკორდო 31 ბურთი შეაგდო, პრემიერლიგას კი 84 გოლით დაემშვიდობა.
მას მერე, ბევრმა წყალმა ჩაიარა. კრიშტიანუ „რეალის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მეექვსე ოქროს ბურთისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას უკვე უვენტუსთან ერთად ესწრაფვის. მანჩესტერში კი ლეგენდარულ მაისურს ზღურბლზე მდგარი ჩილელი შემტევი ირგებს, რომელიც იუნაიტედის ქომაგს თვეში ერთი-ორჯერ თუ დაენახვება და ლიგის თასზე გატანილი გოლებით შეახსენებს თავს…