ამას, როგორც ქომაგი, ისე ვწერ. დანიასთან გოლების გამოცნობაზე იყო საქმე, თორემ ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო…
მსაჯის და ერთი პენალტის ბრალი ყოფილა. მეშინია და არ მინდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი დაგვაკარგინოს.
არადა, საქმე სწორედ იქით მიდის. არ შევეხები შემადგენლობას – მისი პრეროგატივაა. არ შევეხები ტაქტიკას – მისი პრეროგატივაა, მაგრამ…
როგორ შეიძლება, მწვრთნელმა ნებისმიერი გუნდი გააგრანდოს და საკუთარ შეგირდებში მეთოდურად თესოს არასრულფასოვნების კომპლექსი?
მოვუგეთ ყაზახეთს და ვაიმე დედაო!!! მოვუგეთ ლატვიას და ვუიმეო!!! არ უნდა მოგვეგო?
ნუ მოვითხოვთ სიცოცხლეშივე ძეგლის დადგმას ევროპის უსუსტესი ჯგუფის მოგებისთვის.
თავად ვკითხე პრესკონფერენციაზე, ზედმეტად ხომ არ განადიდებთ ყველა მეტოქეს მეთქი? რას ამბობთ, წინ ბელორუსი გველოდება, რომელიც „ბატე“ და ორი სამი ლეგიონერია, ამას კი ნუ ეხუმრებითო.
დავიღუპეთ!
საქართველოს ნაკრებს ბორისოვოს „ბატე“ გადაეყარა თურმე. არ შეიძლება ასე. შემადგენლობა და ტაქტიკაც რომ შეგეშალოს, შენს ბიჭებს სულ უნდა ეძახო, რომ ნებისმიერს დაახევენ ბურთს თავზე.
არადა, თაობა კარგია – სპორტულად თავხედი. საკუთარ ძალებში დაარწმუნე და მერე…
დანარჩენს კი, რასაც ვაისისგან ვისმენთ, ერთი რუსული სიტყვა – „ატმაზკა“ ჰქვია.