უმაგრესი ფეხბურთელი იყო. ყველა დროის საუკეთესო ხუთეულზე არ ვიდავოთ და ათეულში კი ყველა შეიყვანს…

არც მწვრთნელობაშია ჯაბანი: სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება კითხვის ნიშნებს კი ხსნის, მაგრამ ზუსტად მანდ ჩნდება მაგრამები…

ზიდანი „რეალში“ სუპერმწვრთნელის სტატუსით, სუპერხელფასით, ფლორენტინო პერესის სუპერთხოვნებით და სუპერუფლებების გარანტიით დაბრუნდა.

მერე? იფრინა გუნდმა? ვინმე დააფრთხო? აპრილიდან მოყოლებული, გუნდმა ზიდანის ხელმძღვანელობით ოთხჯერ წააგო, სულ კი სეზონში 18 მარცხი გამოუვიდა (ლა ლიგაში 12). ერთი წაგებაც და გუნდი 34 წლის წინანდელ ანტირეკორდს გაიმეორებდა. წლეულს „რეალმა“ შარშანდელთან შედარების 31 გოლით ნაკლები გაიტანა.

ღიმილისმომგვრელი ფაქტია: შარშან კრიშტიანუ რონალდუმ 26 გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ანუ ზუსტად ის 31 გოლი გააკეთა, რომელიც გუნდს წლეულს „დააკლდა“. ანუ, საით მიდის ლოგიკა? რონალდუს წასვლის შემდეგ გუნდს შეტევებში ცალსახად გარეთ ბეილი უნდა გაძღოლოდა. იანვრის პაუზამდე 10 გოლი გაიტანა კიდეც, მაგრამ…

მერე მწვრთნელად ზიზუ დაინიშნა, ბეილმა მისი დაბრუნების შემდეგ პირვესავე მატჩში შეაგდო. მაინც სკამზე დასვეს. ზიდანი ამბობს, რომ ბეილი არ სჭირდება, ბეილი კი არ მიდის.

მისივე მოთხოვნით კლუბის ბოსებთან შეხვედრა შედგა და პირობაც დაითქვა – მომეცით 51 მილიონი ევრო და წავალ. კლუბი ვერ სთავაზობს ალტერნატივას, რადგან ამხელა ხელფასს ბეილს ვერავინ გადაუხდის. კარგი. ამაზე პერესმა იტეხოს თავი, მაგრამ რა ეშველება სამეფო კლუბს? ამბობენ, ბეილი ყველაზე კერკეტია, თორემ ზიდანს ურთიერთობის პრობლემა ნახევარ გუნდთან აქვსო.

ზიზუ მეტისმეტად გავარაკვლავებული და განარცისებული დაბრუნდა მადრიდში. მისი ამბიციები და გუნდის „გაფრანგულების“ მცდელობა არ მოსწონთ იმ ბიჭებს, ვინც ჩემპიონთა ლიგის სამი თასი მოედანზე ომით დაიმსახურა.

ვნახოთო, იღიმებიან ფრანგის კრიტიკოსები, რამდენად მაგარია კრიშტის გარეშე.

ვნახოთ…