კვირას საფრანგეთის ქალაქ ბორდოში „კლერმონი“ ტოპ 14-ის ნახევარფინალურ მატჩში „ლიონს“ შეხვდება. სეზონის ფინიშია, გადამწყვეტი ბატალიების პერიოდია და სარაგბო სამყარო დიდი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს.

ფრანგულ რეგიონულ გამოცემაში La Montagne გამოქვეყნდა ინტერვიუ ლიონელთა მარცხენა ბურჯ რაფაელ შომთან, რომელსაც კარიერის თითქმის 10 სეზონი სწორედ „კლერმონში“ აქვს გატარებული, სახელოვანი ქართველი მორკინალის, დავით ზირაქაშვილის მხარდამხარ. ამ ინტერვიუში საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი უდიდესი პატივისცემით საუბრობს „ზირაქაზე“ და მთლიანობაშიც, ეს ინტერვიუ 29 წლის ფრანგისა და 35 წლის ქართველის ურთიერთობაზეა…

მან ყველაფერი მასწავლა

4 წლის წინ ბორდოს „მატმუტზე“ შომი და ზირაქაშვილი „კლერმონის“ შემადგენლობაში „ტულუზის“ წინააღმდეგ საჩემპიონო მატჩს იგებდნენ. წლეულს კი მათ ერთმანეთის პირისპირ დადგომა ელით. კითხვაზე „ვის ისურვებდით ოპონენტად – რაბა სლიმანის (საფრანგეთის ნაკრების მარჯვენა ბურჯი, – ს.გ.), თუ დავით ზირაქაშვილის?“, ლიონელმა მშვიდად უპასუხა: „არც ერთის და არც მეორის“. შემდეგ დაამატა: „სიმართლე ითქვას, არასდროს ვაქცევ ყურადღებას იმას, თუ ვინ დგას მეტოქის შერკინებაში ჩემს წინააღმდეგ. თამაშისას ვცდილობ, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად გავაკეთო და არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვერკინები“.

ამის შემდეგ „კლერმონიდან“ „ლიონში“ შარშან ზაფხულში გადასულმა ფრანგმა მორაგბემ დათოს შესახებ უდიდესი პატივისცემით ისაუბრა:

„ეს ის კაცია ვინც გამომწვრთნა. სიმართლე გითხრათ, მას ჩემი დანგრევა შეუძლია. რაც ვიცი, ყველაფერი მისგან ვისწავლე – შერკინებაც და ცხოვრებაც. მას კარგად ვიცნობ, მაგრამ ის უკეთ მიცნობს“.

ის გიყურებს, ის გზვერავს

„კლერმონში“ 18 წლის ასაკში მისულ შომს დებიუტი 2011 წლის მარტში ჰქონდა. მართალია, დავით ზირაქაშვილმა ახალგაზრდა ბურჯის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა, მაგრამ ქართველმა შომზე მეურვეობა გარკვეული ხნის შემდეგ აიღო. „ის გიყურებს, ის გზვერავს, შენთან ერთად დროს მხიარულად ატარებს. როცა მიხვადა, რომ მოკრძალებული ხასიათი მაქვს და თავს ზედმეტის უფლებას არ ვაძლევ, მან შემომძახა: „ეი! კარგი, ამას რამე უნდა მოვუხერხოთ“. მაგრამ მანამდე ის ივლის და დაგაკვირდება“.

მას სქელი ტყავი აქვს

რაფაელ შომის ხმაში ღრმა პატივისცემა იგრძნობა, როცა ის დავით ზირაქაშვილის შესახებ საუბრობს. „ ის სამაგალითოა. თუ გადახედავთ მის კარიერას, ამაში დარწმუნდებით. ის საქართველოდან „ობნაში“ გადავიდა, ვიდრე კარიერულ კიბეზე ამაღლდებოდა. შემდეგ „კლერმონიდან“ დაურეკეს, მერე კი იყო შრომა და კიდევ ერთხელ შრომა. ის ჩემთვის მისაბაძი მოდელია“.

„კლერმონში“ გატარებული თითქმის 10 სეზონის შემდეგ „ლიონში“ გადასული რაფაელ შომი არაა გაკვირვებული თითქმის 36 წლის ზირაქაშვილის სპორტული დღეგრძელობითა და პროდუქტიულობით.

„საერთოდ არ მიკვირს. მას სქელი ტყავი აქვს. ის ქართველია. და ჯერ სად ხართ…“ მართალია, ეს ორი კაცი სხვადასხვა კლუბის ფერებს იცავს, ისინი დღემდე კონტაქტობენ. „ოღონდ არა ამ კვირას“, – გაეცინა შომს, – „ჩემი პატივისცემა დათოს. დანარჩენს თამაში გაარკვევს“.