ვინ არის ეშლი ბარტი? გოგონა არსაიდან, ვინაც ჩოგბურთს კრიკეტთან უღალატა, მერე დაბრუნდა, მაიამი და როლან გაროსი მოიგო და მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდა…

ახლა კი ცოტა ვრცლად: 2011 წელს სულ 14 წლის იყო, იუნიორებში „უიმბლდონი“ რომ მოიგო. 15 წლისას დებიუტი ჰქონდა პროფესიონალებში. 16 წლისამ წყვილებში სამი სლემფინალი ითამაშა. 17 წლისამ სეზონი ტოპ 50-ის მიდამოებში დაასრულა და…

წავიდა…

მერე თავად ჰყვებოდა, რომ ოჯახის გარეშე უჭირს, მუდმივი ნოსტალგია ტანჯავს. ადგა და კრიკეტის პროფესიულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი. იკრიკეტა ორი წელი, დაღვინდა და მიხვდა, რომ მისი ხელობა ჩოგბურთია.

ფინალზე კი რა გითხრათ? 19 წლის მარკეტა ვონდროუშოვა თითქოს არც ყოფილა. ეშლიმ 6:1, 6:3 გაინავარდა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ორშაბათიდან მსოფლიოში მეორეა.