აი, თქვენს წინაშეა რინგი, ადგილი, სადაც მოკრივენი ერთმანეთს ებრძვიან. სულ მალე, ჭერში დაკიდული ნათურები გაანათებს ცისფერ ფიცარნაგს და იქ მებრძოლები გამოჩნდებიან. კრივი დაიწყება და თქვენც სანახაობის მომსწრენი შეიქნებით.

კრივი დიდად საინტერესო სანახაობაა, მისი ყოველი წამი იზიდავს თვალს, მაგრამ რა უყვარს ყველაზე მეტად კრივის ქომაგს? მას მოულოდნელი, დიდი დასასრული უყვარს. და რა არის ყველაზე თვალისმომჭრელი დასასრული კრივისთვის? რა თქმა უნდა, ნოკაუტი. ნოკაუტი კრივის მშვენებაა. ნოკაუტი სწორედ ის არის, სუნთქვას რომ შეუკრავს მაყურებელს. მაგრამ არის სხვაგვარი დასასრულებიც. არანაკლებ სუნთქვაშემკვრელი.

მოვყვეთ დაუვიწყარი დასასრულების ისტორიას. თუმცა, ზოგჯერ, ეს დასასრულები სულაც არ იყო მაინცდამაინც სანოკაუტო.

1912 წლის 4 ივლისი

ედ ვოლგესტი – მექსიკელი ჯო რივერსი

როდისაა რომ ქამარსქვემოთა უნამუსო დარტყმა არ არის ქამარსქვემოთა დარტყმა? ანდა, როდისაა, რომ ნოკდაუნი ნოკდაუნად არ ჩაითვლება? ანდა, ის ორი ჰუკი მართლა ჰუკი იყო?

ასეთებს ფიქრობდა ათასობით გულშემატკივარი, ვოლგესტ-რივერსის ორთაბრძოლის გასრულების შემდეგ რომ ბრუნდებოდა შინ ღიაცისქვეშა არენიდან. ამ შეკითხვებზე დღემდე ვერ მოეძებნა გადამჭრელი პასუხი.

ვოლგესტი და რივერსი მსუბუქი წონის ჩემპიონობისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს და თხუთმეტრაუნდიანი შერკინების თორმეტი რაუნდი ბღლარძუნსა და სიფრთხილეში გაატარეს. საცქერი ბევრი არაფერი იყო და მეცამეტე  რაუნდიც ასევე გაგრძელდა.

მაგრამ, სწორედ ამ რაუნდის მიწურულს ვოლგესტმა თოკებთან მიიმწყვდია რივერსი. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვოლგესტი საშინლად უნამუსო მოკრივე იყო. ის ყოველთვის ბინძურად უტევდა და ორიოდ წლით ადრე საჩემპიონო ბრძოლა სწორედ დისკვალიფიკაციით წააგო ვილი რიჩისთან.

ჰოდა, მიაყენა ვოლგესტმა ჯო რივერსი თოკებთან და ქამარსქვემოთ ამოსცხო, ხალხმა დაინახა, რომ ეს აკრძალული დარტყმა იყო. ეს მშვენივრად იცოდა ვოლგესტმა და რა თქმა უნდა, რივერსმაც, რომელიც წამსვე ჩაიკეცა, თუმცა კი მოასწრო და ქვემოდან ისეთი ჰუკი ამოსცხო ვოლგესტს, რომ დააბარბაცა – ორმაგი ნოკდაუნი.

ბევრ ჩვენგანს უხანავს სტალონესეული „როკი II“, სადაც მსგავსი სიტუაციაა გათამაშებული. ორმაგი ნოკდაუნის დროს რეფერიმ გარე მსაჯულებს უნდა ამცნოს მომხდარი. მოკრივენი კი ვინმეს დაუხმარებლად უნდა წამოდგნენ ათამდე დათვლაში. ის, რომელიც ამ დროში ვერ წამოდგება, წაგებულია.

ამის მიუხედავად, რეფერი ჯეკ უელშს თავისი აზრი გამოუჩნდა. ასობით მაყურებლის პროტესტის მიუხედავად, მან რივერსის საზარდულში მოხვედრილი მუშტი ნოკდაუნად ჩათვალა და ორივე მოკრივეს თვლა დაუწყო. როდესაც ოთხამდე დათვალა, უელში თავისი მარცხენა ხელით წამოდგომაში დაეხმარა ვოლგესტს, მარჯვენათი კი თვალს აგრძელებდა, თან კი ჩაცუცქულ რივერსს შესცქეროდა. ათამდე ავიდა, „აუთო“ შესძახა და მოკრივენი თავიანთი კუთხეებისკენ გაისტუმრა. შემდგომში ის სრულიად უაზროდ ირწმუნებოდა, რომ რაუნდის დასასრულის მაუწყებელი გონგი არ გაუგონია. არადა, ეს გონგი მაშინ გაისმა, როცა რეფერიმ შვიდს უწია.

უელშს არ შერცხვა და ვოლგესტს ხელი ააწევინა. ამით, ამ უნამუსო მოკრივემ მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტული შეინარჩუნა. რეფერი უელშის პოზიცია დღემდე გაუკრვეველია. გადაჭრით ვერავინ ამბობს, რომ ის მოსყიდული იყო, საკრივო მწერლები უფრო იმას ფიქრობენ, რომ რეფერი დაიბნა. მან ვერ დაინახა აკრძალული დარტყმა და გაიგო მაყურებელთა შეძახილი, „ლოუ ბლოუო“, რის შემდეგაც დაასკვნა, რომ აკრძალულად რივერსმა მოიქნია. რივერსი იმან დაჩაგრა, რომ პრეტენდენტი იყო. თუმცა, ჩვენ ვეღარასოდეს გავიგებთ, რა იყო ამგვარი დასასრულის ნამდვილი მიზეზი. ის კი ნაღდია, რომ ამგვარი დასასრული არც ერთ საჩემპიონო ბრძოლას არ ჰქონია.

1922 წლის 24 ოქტომბერი

ბეტლინგ სიკი – ჟორჟ კარპანტიე

იმის მიუხედავად, რომ 1921 წელს ჯეკ დემპსიმ გაანადგურა, ფრანგი ჟორჟ კარმანტიე კვლავაც რჩებოდა ქვემძიმე წონის მეფედ და მილიონების საყვარელ მოკრივედ. თუმცა, მხოლოდ სახელი და დიდება არასოდეს აკმაყოფილებდა მის მენეჯერებს. დემპსისთან წაგების შემდეგ მათ ისეთი ბრძოლის გამართვა სწყუროდათ, ოქრო-ვერცხლს რომ ბლომად შემოიტანდა და ჟორჟის სახელ-წოდებასაც ჩრდილს არ მიაყენებდა. შავ-შავი ბეტლინგ სიკიც ასე შეიქნა პრეტენდენტი.

სიკი ამაყი კაცი იყო, მას გაუტეხელი ხასიათი და მძიმე მუშტი ჰქონდა, მაგრამ ოსტატობით კარპანტიეს ვერ გაუტოლდებოდა. ბრძოლა რომ დაიწყო, კაპანტიემ იოლად აუღო ალღო სიკის მანერას და მეხუთე რაუნდში ნოკდაუნშიც ჩააგდო ზანგი. მაგრამ ამის შემდეგ მოხდა ის, რასაც ბევრი არავინ ელოდა. სიკი გამხეცდა, მან ყოველგვარ ფსონს და პროგნოზს დაუკარგა აზრი და ფრანგი შავ დღეში ჩააგდო. რაუნდის დარჩენილი დრო კარპანტიეს დასისხლიანებამ წაიღო. მეექვსე რაუნდი შუა წელზეც არ იყო მისული, როცა ბეტლინგ სიკიმ თოკებთან მიიმწყვდია კარპანტიე და ერთი მოხდენილი დარტყმით დასცა ძირს. ნოკაუტი. სიკიმ მოიგო, თითქოს ამბავიც აქ უნდა დამთავრდეს, მაგრამ რეფერი ანრი ბერნსტეინი მოულოდნელად აცხადებს, რომ სიკი დისკვალიფიცირებულია კვანტის დადებისთვის და გამარჯვებულად კარპანტიე ჩაითვლებაო.

მაშინ არ არსებობდა სააპელაციო კომიტეტები, არც მსაჯულები იყვნენ და არც კომისიონერები. ბეტლინგ სიკის თვალსა და ხელს შუა ართმევდნენ გამარჯვებას. მაგრამ პარიზის ველოდრომზე 50 ათასი კაცი იყო შეკრებილი. ამ ხალხმა ყველაფერი კარგად დაინახა. ამ ხალხს არ უნდოდა ნაჩუქარი გამარჯვება. უთამამესნი რინგზეც კი აცვივდნენ და რეფერის დახრჩობა დააპირეს. სამართალმა კი პური ჭამა. ეს ის შემთხვვა იყო, როცა პატიოსანი ხალხის ფიქრმა და მოქმედებამ უნამუსო რეფერის გადაწყვეტილებას აჯობა. ბეტლინგ სიკიმ დამსახურებული მიიღო, ანრე ბერნსტეინი კი შერცხვენილი გაიძურწა რინგიდან.

ხალხის ვერდიქტი ასეთი იყო: „მეექვსე რაუნდის მეორე წუთზე სიკიმ ნოკაუტით დაამარცხა კარპანტიე“.

1941 წლის 18 ივნისი

ჯო ლუისი – ბილი კონი

მსოფლიოს ჩემპიონს მძიმე წონაში ჯო ლუისს არაფერი ჰქონდა სანერვიულო. ასე ჩანდა, რომ მისთვის, ეს ბრძოლა მორიგი გასეირნება იქნებოდა. ბილი კონი ცნობილი კაცი გახლდათ ქვემძიმე წონაში, მაგრამ ჯოსთვის აბა რა უნდა დაეკლო? ამ დროისთვის შავ ყუმბარმტყორცნს ზედიზედ თოთხმეტჯერ დაეცვა ჩემპიონის ტიტული.

ბრძოლა თხუთმეტრაუნდიანი იყო და ლუისის ქომაგთათვის დიდად იმედისგამაცრუებელი გამოდგა. კონი საუცხოოდ ირჯებოდა – იყო აქტიური, მოძრავი, მოხერხებული და ზუსტი. მის მწვრთნელებს ტაქტიკა გასაოცრად მოქნილი და სწორი შეერჩიათ და დარტყმების თვლა რომ წავიდა, კონი აშკარად იგებდა. ასე გაგრძელდა მეთორმეტე რაუნდის ჩათვლით. ჯო ვერაფერს უპირისპირებდა პრეტენდენტს, მაგრამ ეს ხომ ჯო იყო და არა ვიღაც სხვა…

მეთორმეტე შესვენებისას მწვრთნელებმა კონს ურჩიეს, რომ კვლავ აქტიური ყოფილიყო და ნაცადი მანერით გაეგრძელებინა ბრძოლა. მოძრაობა და სიზუსტე – ასეთი იყო მათი მითითება. მაგრამ მეცამეტე რაუნდი დაიწყო და ლუისმა მოახერხა ის, რაზეც მთელი საღამო ოცნებობდა. ეს ჩემპიონის ერთადერთი შანსი იყო და ლუისი ძალიან დიდხანს ელოდა ამ წამს. მისმა დამანგრეველმა მარჯვენა ჰუკმა მონახა საჭირო ადგილი და ამის შემდეგ ყველაფერი გაირკვა. კონს ჩხუბი რომც ნდომებოდა, ვეღარაფერს გააწყობდა. ის დარეტიანებული, ფარხმალდაყრილი იყო. და როგორ მოიქცა ლუისი? განა პირველი ქაჯივით მიახტა მოწინააღმდეგეს და წამსვე მოგება გადაწყვიტა? მან თორმეტი რაუნდი ითმინა და ახლაც ბრძნულად გაისარჯა. მთელი რაუნდი ის ზუსტად, ძლიერად და საზრიანად სცემდა მუშტებს კონს. მეცამეტე რაუნდის დასრულებამდე ორი წამი რჩებოდა, როცა კონი წაიქცა, რეფერი ედი ჯოზეფმა ათამდე დათვალა და ჯო ლუისმაც მეთხუთმეტედ დაიცვა ტიტული.

ბუკმეიკერები მართალნი გამოდგნენ, როცა ამბობდნენ, ლუისი უეჭველად მოიგებსო. მაგრამ მათ ნაღდად არ იცოდნენ, რომ ამ საქმისთვის კრივის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დასასრული შეიქმნებოდა საჭირო.

1950 წლის 13 სექტემბერი

ჯეიკ ლამოტა – ლორან დოტვილი

ის ხიფათიანი კაცი იყო. ჯეკ ლამოტა თითქოს იმისთვის გახლდათ დაბადებული, რომ საკუთარი თავისთვის გამოცდები გაემართა. სხვაგვარად ცხოვრება მას არ შეეძლო. ბრონქსელი იყო, ამ არეული უბნის ქუჩებში სჭრიდა ქუჩურ სამართალს, სანამ ბიჭი იყო და მერე, როცა რინგზე გადაინაცვლა, იქ დაიწყო სამართლის ჭრა. უფრო საკუთარი თავისთვის ჰქონდა მოგონილი ეს სამართალი, საზიანოც და სასარგებლოც მისთვისვე იყო და არა სხვისთვის. საკრივო კარიერა ისე აიწყო, რომ ბუკმეიკერთათვის ყველაზე საინტერესო მებრძოლი შეიქნა. თავადაც ძალიან უყვარდა დანიძლავება და საკუთარ თავზე ფულის ჩასვლა. ხიფათის მოყვარე იყო – მხოლოდ რინგი და საკრივო შეჯიბრი მას არასოდეს ჰყოფნიდა. ლამოტას ორთაბრძოლები ყოველთვის მოულოდნელი და ნერვების მომშლელი იყო. საზღვარი გამარჯვებასა და მარცხს შორის ბეწვის ხიდზე გადიოდა.

ჯეიკის შეხვედრა ფრანგ პრეტენდენტ ლორან დოტვილთანაც ამ გზით მიდიოდა. თვრამეტი თვით ადრე, ფრანგმა მსაჯთა გადაწყვეტილებით დასჯაბნა ლამოტა, მაგრამ ნებისმიერი ბუკმეიკერი და მეფსონე გეტყოდათ, რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

დოტვილმა კარგად დაიწყო ბრძოლა: გაშლილ მკლავის სიგრძეზე ეკრივებოდა ლამოტას და სწრაფად აყრიდა მარჯვენათი. მოსაგებ ქულათა მარაგს პირველი რაუნდებიდანვე ქმნიდა, მაშინ, როცა ლიმოტა პასიურობდა. ის თითქოს საბრძოლველად იწვევდა პრეტენდენტს, რათა ახლო ბრძოლაში დაეჯაბნა, მაგრამ დოტვილი არა და არ ეგებოდა ამ ფანდს. შუა რაუნდებისთვის ლამოტას მარცხენა თვალი თითქმის მოჭუტული ჰქონდა და ხეირიანად ვეღარც ხედავდა. მეშვიდე და მერვე რაუნდებში ის ზედიზედ გააფრთხილა რეფერი ლუ ჰენდლერმა.

ჯეიკ ლამოტა დიდხანს იბრძოდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის და მეტად ხანმოკლე ჩემპიონობა კი გამოსდიოდა. დოტვილი უპირობოდ იმარჯვებდა. ფაქტიურად, ბრძოლა დამთავრებული იყო. სამი მსაჯის დათვლით, მეთხუთმეტე რაუნდის წინ ფრანგი 72-68-ს, 74-66-ს და 73-67-ს იგებდა.

და მეთხუთმეტე რაუნდიც ისე დაიწყო, როგორც წინა თოთხმეტი – დოტვილმა ჯერით შეუტია და არც მოძრაობა შეუნელებია. ლამოტა იდგა და მხოლოდ პასუხობდა. და უეცრად, ლამოტამ ჰუკი გაისროლა. ეს ძლიერი ჰუკი იყო. დოტვილი დაბარბაცდა და ჯეიკი კვლავ ძველ ჯეიკად იქცა. მან მომენტი დაიჭირა და აფეთქდა, კვლავ მარჯვენათი მისწვდა დოტვილს, რომელიც გარიდებას ცდილობდა და თოკებს მიანარცხა. მესამე ჰუკმა პრეტენდენტს თოკებზე მიყრდნობილს მოუსწრო, ის მოწყვეტით არ წაქცეულა – ნელა ჩაიკეცა, ხალიჩას განერთხა და ქვედა თოკს დაბღაუჭებული დარჩა. ჰენდლერის თვლისთვის ყურადღება არც მიუქცევია. ბრძოლის დასრულებამდე კი მხოლოდ ცამეტი წამი რჩებოდა. დოტვილის პრეტენდენტობა ისტორიის ერთ უბრალო ფურცლად ქცეულიყო. ასეთი დასასრული, ასეთი დრამა კი კარგახანს აღარ ყოფილა. ლამოტასთვის კი ეს ერთი მორიგი ხიფათი, ერთი მორიგი მაზიანი იყო. ნაძლევი, რომელიც მოიგო.

31.10.1998

 

წილი
წინა სტატიაროლან გაროსი მოკრიკეტემ მოიგო
შემდეგი სტატიარაფას დუჟინი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.