გიბრალტარი ისეთი გუნდია, აუცილებლად უნდა მოუგო, მით უმეტეს საქართველოს დონის გუნდმა. სასურველია დიდი ანგარიშით. მართალია, არსებობს პოსტულატი – თამაში ყველამ ისწავლაო, მაგრამ, მაინც… ჩვენებს ამ ჯუჯა ქვეყნის გუნდი უკვე აქამდე ევრო 2016-ის შესარჩევში ორჯერ ჰყავდა დამარცხებული, ერთხელ სტუმრად 3:0 და შინ 4:0.
ახლა 3:0 გამეორდა, მაგრამ რაღაც გაორმაგებული შთაბეჭდილება დაგვიტოვა. კარგია, რომ მიმდინარე შესარჩევში პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ და პირველი გოლები გავიტანეთ. მეორე მხრივ კი, გიბრალტარის მსგავს გუნდებთან უფრო ლაღად თამაშია საჭირო. თუ ასეთ ნაკრებთან შეხვედრაზე სტადიონზე წახვალ, ალბათ ბევრი გოლისა და ლამაზი კომბინაციის საცქერლად, თორემ სხვას რას უნდა ელოდე.
ძირითადის რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა (ანანიძე, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე), მაგრამ ერთი ვიკითხოთ: არიან კი დღეს ისინი ძირითადის ფეხბურთელები? წლების განმავლობაში გაუთავებელმა ტრავმებმა და უთამაშებლობამ, ისინი რაღაც ვირტუალურ ლიდერებად გადააქცია, რომელთა რეალურ ასპარეზზე გამოჩენას ქომაგი ჯერ კიდევ მოთმინებით ელის. ამათ დაემატნენ კვირკველია, ქვილითაია, ყაზაიშვილი…
ანგარიში ვაკო გვილიამ გახსნა (მე-4 გოლი ნაკრებში). პირველი ტაიმის ბოლოს კი სტუმარმა ლიამ უოკერმა ისეთი საჯარიმო დაჰკრა, ლეო მესის შეშურდებოდა. ცხრიანში გასროლილი ბურთი გიორგი ლორიამ შესანიშნავი ნახტომით მოიგერია. მერე, მინდორზე 13 წუთის შესულმა პაპუნაშვილმა გამოიჩინა თავი. ეს გიორგის მეორე სანაკრებო გოლი გახლდათ. ბოლოს კი ვატო არველაძემ შეაგდო თავისი სადებიუტო ბურთი და ის შეყვარებულის დაბადების დღეს მიუძღვნა: Happy Birthday My Love – ეწერა მაისურაზე, რომელიც ვატომ კუთხურის ალამთან ჩამწკრივებული ფოტორეპორტიორების წინ გაშლა.
არ გვინდა მოგებული თამაშის შემდეგ კრიტიკულები ვიყოთ, მაგრამ ერთი რამ გვაკვირვებს: სწორედ გიბრალტარის დარ გუნდებთან ღირს ახალგაზრდების გამოცდა. კარგია 19 წლის ხვიჩა კვარაცხელია რომ ვიხილეთ (ის მესამე დებიუტანტია მიმდინარე სანაკრებო სეზონში ვატო არველაძისა და ლევან ხარაბაძის შემდეგ), მაგრამ რატომ არ ითამაშა გიორგი ხარაიშვილმა, გამოცანად რჩება. „გიოტებორგის“ ნახევარმცველი შვედეთში წარმატებულ სეზონს ატარებს და ნაკრებთან მისი შეგუება ურიგო არ იქნებოდა. საბა ლობჟანიძე? ტრავმირებულიაო, თქვა შემდეგ ვაისმა პრესკონფერენციაზე, თუმც სათადარიგოთა სკამზე სხვა ჭაბუკი ახალწვეულებიც ისხდნენ და გამოცდილების მაგიერ უფრო მეტ ახალგაზდას რომ ეთამაშა, ვფიქრობთ, უფრო ლოგიკური და სასარგრებლო იქნებოდა.
ვიმეორებთ – გიბრალტართან, თუცა შეიძლება არა მხოლოდ გიბრალტართან. უნდა შევაჩვიოთ ბიჭები ეროვნულ გუნდს და გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვუყალობოთ.
არველაძე – 12 წლისა და 3 თვის შემდეგ
საინტერესო ეპიზოდი მოხდა მატჩის 76-ე წუთზე. ვატო არველაძის შეტევისას სტუმართა კაპიტანმა როი ჩიპოლინამ, ბურთი ხელით შეაჩერა. თერთმეტმეტრიანის შესრულება ვატოს დიდსულოვნად დაუთმო კაპიტანმა ჯაბა კანკავამ. ვატომ უზადოდ შეასრულა პენალტი და 12 წლისა და 3 თვის შემდეგ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ისევ ჩაიწერა არველაძის გვარი.
მანამდე, ბოლოს, ნაკრების მაისურით ბიძამისს, შოთას გაეტანა, 2007 წლის 24 მარტს, ევრო 2008-ის შესარჩევ მატჩში შოტლანდიელების წინააღმდეგ. ჯამში კი ეს არველაძეების 34-ე გოლი გახლდათ ეროვნულ ნაკრებში – შოთა – 26, აჩი – 6, რეზო- 1 და ვატო – 1.
მოუხელთებელი ჭაბუკი
ასეთი რამ მხოლოდ საქარველოში შეიძლება მოხდეს. მეორე ტაიმში მინდორზე ახალგაზრდა ყმაწვილი შეიჭრა. ირბინა, ირბინა და გიორგი მერებაშვილს ჩაეხვია. ყველაფერი წყნარად დამთავრდა, ყმაწვილი ტრიბუნაზე დაბრუნდა და თამაშიც გაგრძელდა. მაგრამ საკვირველი ის არის, ამ ყმაწვილს არავინ გაჰკარებია, არადა სტიუარდების არმია იყო მინდვრის კიდეზე. იქნებ რა ჰქონდა ჩაფიქრებული?
აი, თამაშის დამთავრების შემდეგ კი, როცა მინდორზე კიდევ გამოჩდნენ ახალგაზრდები, სტიუარდებმა თავი „გამოიჩინეს,“ რამდენიმეს დაედევნენ და მინდორს გაარიდეს.
არხეინა გიბრალტარელები
პრესლოჟის წინ რამდენიმე გიბრალტარელი ქომაგი მოკალათებულიყო, ეროვნული გუნდის მაისურებით და დროშით. ვერ გეტყვით, რამდენად კმაყოფილი დარჩნენ თამაშით, მაგრამ სხვა მხრივ, ისეთი დრო გაატარეს, თქვენი მოწონებული. იმდენი ლუდი მიირთვეს, მგონი ბოლოს ჩვენებს ქომაგობდნენ.
საქართველო 3:0 გიბრალტარი
თბილისი. დინამო არენა
1:0 გვილია (30), 2:0 პაპუნაშვილი (59), 3:0 არველაძე (76, პენ)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე, კვეკვესკირი, კანკავა (მჭედლიძე 77), მერებაშვილი (კიტეიშვილი 72), გვილია, კვარაცხელია (პაპუნაშვილი 46), არველაძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
გიბრალტარი: გოლდვინი, ჟოზეფ ჩიპოლინა, როი ჩიპოლინა, ანესლი (ბარნეტი 86), სერგენტი, დე ბარი, ბარდონი (კუმბესი 77), ერნანდესი, ოლივერო, უოლკერი, კასკიარო (პონსი 65)
მწვრთნელი: ხულიო რიბასი (ურუგვაი)
მსაჯი: ანტი მუნუკა (ფინეთი)
გაფრთხილება: კანკავა (45) – სერგანტი (50), ოლივერო (61), როი ჩიპოლინა (75)