არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა ჯგუფის მეორე მატჩიც წააგეს. ამჯერად ილია მაისურაძის გუნდი თანატოლ სამხრეთაფრიკელებს დაეჯახა და უშანსოდაც დამარცხდა – 20:48.

საქართველოს რაგბის კავშირის ფოტო

მართალია, 3 დღით ადრე ბეიბი ბლექსთან შეხვედრა ჩვენმა 20-წლამდელებმა უფრო დიდი სხვაობით დათმეს – 13:45, მაგრამ იმ მატჩში ქართველთა გარჯა თამაშს ჰგავდა და აკი შევაქეთ კიდეც, თუმც ახლა გუნდმა პირწმინდად წააგო და თან მაყურებელთა სიმპათია ვერ დაიმსახურა.

პირველი ტაიმის საწყისი ნახევარი კიდევ რაღაცას ჰგავდა და იმედსაც გვიტოვებდა, მაგრამ მერე  პატარა ბოკეები დალაგდნენ და გამოჩნდა, რომ აფრიკელებმა რაგბის თამაში ქართველებზე გაცილებით კარგად იციან.

ნაქებმა ქართულმა შერკინებამ ვერაფერი დააკლო აფრიკულს, ჩვენმა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ კარიერის ალბათ უსუსტესი მატჩი ჩაატარა და თუკი ჩვენებურთაგან ვინმე საქებარ სიტყვას იმსახურებს, ესაა გარემარბი ლაშხი და ნაწილობრივ ფულბექი ჭიჭინაძე. პირველმა ორი ლელო ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შექმნა, რაშიც ბუნებრივი ფიზიკური მონაცემებიც დაეხმარა, ხოლო მეორემ რამდენჯერმე მწვავედ შეუტია. დანარჩენებმა ან საშუალოდ ითამაშეს, ან – ცუდად. შედეგიც ლოგიკურია.

წინ ჯგუფის დასკვნითი და გადამწყვეტი მატჩია – ახალგაზრდა შოტლანდიელებთან. ეს შეხვედრა ოთხშაბათს, 12 ივნისს იგივე როსარიოში 17:30-ზე დაიწყება.

წილი
წინა სტატია12 წელი , 3 თვე და 34
შემდეგი სტატიაწარმოუდგენელი წარმოდგენა
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.