ბოლო დღეებში დიდი ამბებია პროფესიული კრივის სამყაროში. 2 ივნისს, ნიუ იორკის „მედისონ სქუეარ გარდენში,“ მექსიკელმა ენდი რუის უმცროსმა, მეშვიდე რაუნდში დასცა თანამედროვეობის უძლეველი მძიმეწონოსანი, ენტონი ჯოშუა. ბრიტანელი ოთხჯერ ჩავარდა ნოკდაუნში. ფაშფაშა რუისმა კი მრავლისმნახველ ჩრდილოამერიკელ მაყურებელს უჩვენა როგორ უნდა კრივობა.
ცხადია, ამ ამბავმა ექსპერტებიც შეაგულიანა. მაგალითად ჯოშუას მთავარმა მტერმა, დეონტეი უაილდერმა (WBC-ის ვერსიით ჩემპიონი მძიმე წონაში) თქვა: „ჯოშუა არ იყო ნამდვილი ჩემპიონი. მთელი მისი კარიერა ტყუილისა და საჩუქრებისგან შედგებოდა. ეს ფაქტია. ახლა ვიცით, ვინ ვის გაურბოდა“.
სამაგიეროდ, ჯოშუას მხარეზე დადგა 90-იანი წლების გენიოსი ლენოქს ლუისი: „არც ვიცი, რა ვთქვა. ვულოცავ რუისს, რომელიც პირველი მექსიკელი მსოფლიო ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში. ჩემი პატივისცემა ჯოშუას. გამოიტანე გაკვეთილი. მოემზადე. შენ დაბრუნდები“, – დასძინა ლენოქსმა.
საინტერესოა, რომ ეს ბრიტანელის პირველი მარცხი იყო კარიერაში. ამისდაკვალად, მან: IBF, IBO, WBA და WBO-ს ქამრები დაკარგა.
ახლა ბრიტანელმა და მექსიკელმა მატჩ-რევანში წლის ბოლომდე უნდა გამართონ, რაც არ მოსწონს კიდევ ერთ ბრიტანელ მოკრივე ამირ ხანს.
„როცა შვიტყვე, რომ ჯოშუა მალევე აპირებს რევანშს, ვიფიქრე, რომ დიდ შეცდომას უშვებს. რუისი თავდაჯერებული იქნება, ჯოშუა კი პირიქით – დათრგუნული. ვერ ვიჯერებ, რომ ედი ჰირნი (ჯოშუას პრომოუტერი) ასეთ გარიგებას ეთანხმება. ვფიქრობ, ჯოშუამ ჯერ იოლი გამარჯვება უნდა მოიპოვოს ნოკაუტით, საკუთარ ძალებში ისევ დარწმუნდეს და შემდეგ გამართოს რევანში“.