ერთა ლიგის A ლიგის ფინალში პორტუგალიას ჰოლანდია შეხვდება. ჰოლანდიელებმა ნახევარფინალში ინგლისს მოუგეს 3:1. ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა.

მესამე ადგილისთვის შვეიცარია და ინგლისი შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

ორივე მატჩი კვირას, 9 ივნისს გაიმართება.

და რასაკვირველია, კვლავ შარსა და გასაჭირში აღმოჩნდნენ ინგლისელი ფანები. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრნი იყვნენ. ცოტანი რომ ყოფილიყვნენ, მათ პრობლემას არავინ მიაქცევდა ყურადღებას.

პრობლემა კი ის გახლდათ, რომ პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშის სტადიონზე ბილეთების ციფრული კონტროლის სისტემა მოიშალა. სხვა სისტყვებით, კომპიუტერული ტექნიკა დასავლეთ ევროპაშიც გამოდის ხოლმე მწყობრიდან. შესაბამისად, ტურნიკეტებთან დადგა რიგი, რომელსაც ორგანიზატორებმა თავი ვერ გაართვეს. ისინი ხან გახსნიდნენ ჭიშკარს და ხალხის გარკვეულ ნაკადს შეუშვებდნენ, ხანაც კეტავდნენ. ასეთი ტანჯა-წვალება დიდხანს რომ გაგრძელდა, ინგლისელმა ფანებმა, რომლებიც მანამდე — როგორც თვითონ ამბობენ — მოთმინებით ელოდნენ პრობლემის მოგვარებას, გადაწყვიტეს ბარიერი გაერღვიათ და ტრიბუნებზე შევარდნილიყვნენ. ცხადია, პოლიციამ ეს არ დაუშვა.

„ხალხი კითხვებს სვამდა, პასუხად კი შეუვალ სახეებს იღებდნენ. 10 წუთის შემდეგ გვითხრეს, მე-6 და მე-7 შესასვლელები ჩაკეტილია და სადმე სხვაგან წადითო”, — წერდა მავანი აღშფოთებული „ტვიტერში”.

შეიქმნა ჭყლეტის საშიშროება.

საბოლოოდ, პორტუგალიის პოლიციამ ტურნიკეტები გახსნა და დაახლოებით 800 ინგლისელი სტადიონზე შეუშვა.