ოთხშაბათს, ერთა ლიგის ნახევარფინალში, პორტუგალიამ შვეიცარიას 3:1 მოუგო. პორტუგალიელთაგან სამივე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. მათ შორის ერთ-ერთი ჯარიმიდან.
ეს კრიშრტიანუს მე-7 ჰეთ-თრიქი გახლდათ პორტუგალიის ნაკრებში. პირველი მან 2013 წლის სექტემბერში შეასრულა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. ხოლო ყველაზე ცნობილი შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელების წინააღმდეგ.
პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში სულ 23 ჰეთ-თრიქი შესრულებულა. გამოდის, მათი 30 პროცენტი რონალდუს ანგარიშზეა.
სულ, კარიერაში, კრიშტიანუმ მატჩში სამი გოლი 53-ჯერ მიითვალა.
რონალდუ საკუთარ ეროვნულ გუნდში შედეგიანობითაც ლიდერია. წუხელ მან თავისი 86-ე, 87-ე და 88-ე გოლები გაიტანა. მეორე შედეგი პაულეტას აქვს (47 გოლი).
პორტუგალიელი ვარსკვლევი ევროპელ მეგოლეთა შორისაც პირველ ადგილზეა. შემდეგ მოდიან ფერენც პუშკაში (84 გოლი), შანდორ კოჩიში (75), მიროსლავ კლოზე (71), გერდ მიულერი და რობი კინი (68).
ახლა კრიშტიანუს, მსოფლიოში მხოლოდ ირანელი ალი დაეი (109) უსწრებს. თუმცა მალე, ალბათ, ამ რეკორდსაც გააუმჯობესებს.
რონალდუ ეროვნულ გუნდში არა მხოლოდ გოლების, არამედ ნათმაშევი მატჩების მხრივაც პირველია – 157 შეხვედრა. მეორეზე ლუიშ ფიგუ გახლავთ – 127 მატჩი.
რონალდუ ალბათ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელიც გახდება, ვისაც პორტუგალიის ნაკრებში გაუტანია. ახლა ასეთი რიკარდუ კარვალიუა, რომელმაც 2015 წლის მარტში მეტოქეთა კარი 36 წლისამ, 10 თვისამ და 11 დღისამ დალაშქრა. კრიშტიანუ ახლა 34 წლის და 4 თვისაა, ასე რომ დრო ჯერ ბევრი აქვს.
„დიდი ხანია მივეჩვიეთ. რონი უკვე წლების განმავლობაში აკეთებს ამას და არავისთვის სიურპრიზი არ არის. ჰეთ თრიქი მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომაა, რომ ხშირად სწორედ მისი გოლებით ვიგებთ,“ – თქვა შვეიცარიელებთან მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ბერნარდუ სილვამ.
თავად რონალდუმ ინსტაგრამში დაწერა: „მიხარია, რომ პორტუგალიის ნაკრებს ერთა ლიგის ფინალში გასვლაში დავეხმარე. გილოცავთ ბიჭებო. მადლობა გულშმატკივრებს ფანტასტიკური ქომაგობისთვის. წინ პორტუგალია!“