პორტუში, ადგილობრივ პოლიციასა და ინგლისის ნაკრების ფანებს შორის შეტაკება მოხდა. ორი ინგლისელი დაშავდა — ორივეს თავი აქვს დაზიანებული. აურზაური თავისუფლების მოედანზე, მეტროს სადგურ ალიადოსთან ატყდა.

პორტუგალიაში უეფას ერთა ლიგის ფლეი ოფი მიმდინარეობს — პირველ ნახევარფინალში მასპინძლებმა შვეიცარიას 3:1 მოუგეს. დღეს გიმარაეშში ინგლისი ჰოლანდიას ხვდება.

ინგლისელი ფანები ამბობენ, რომ კონფლიქტი პორტუგალიელი გულშემატკივრების წამოწყებულია, რომელთაც მათ ბოთლი ესროლეს. ეს კრიშტიანუ რონალდუს მიერ შვეიცარიელთა კარში გატანილი პირველი გოლის დროს მომხდარა. რონალდუმ ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ქომაგები ფან-ზონაში, დიდ ეკრანზე უყურებდნენ თამაშს. ატყდა ჩხუბი ადგილობრივებსა და ინგლისელებს შორის. შემდეგ, საქმეში პოლიცია ჩაერია.

თუმცა, ზოგი სხვანაირად ამბობს. თითქოს, პოლიციელების მოქმედება გადაჭარბებული იყო. ჰაერში ნასროლი ერთადერთი ბოთლის გამო ასეთი ძალისმიერი ხერხების გამოყენება საჭირო არ იყოო.

მავანმა მოწმემ „ტვიტერზე” თავისი ვერსია დაწერა: „ახლა დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ინგლისელი ფანები ხულიგნები არიან… არადა, ყველა მშვიდობიანად უყურებდა ფეხბურთს. შემდეგ ვიღაცამ ლუდის ჭურჭელი ააგდო და ამას პოლიციის შემოვარდნა მოჰყვა. პოლიციელები დაუნდობლად დაერივნენ ყველას”.

ინგლისური პრესა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ამ დღეებში, პორტუგალიას 18 000 ინგლისელი ფანი ეწვევა და შეტაკებების ალბათობა მაღალია. პორტუში მომხდარ ინციდენტს პირველი(!) შეტაკებაც კი უწოდეს.

საინტერესოა, რომ ამ დღეებში გამართულ ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ფანებს მოუწოდა „იდიოტურად არ მოიქცნენ”, ხოლო მცველმა ჰარი მაგუაირმა თქვა:

„ხალხს პორტუგალიაში ჩასვლის დიდებული შანსი ეძლევა”.

მაგრამ, რად გინდა, თუკი ვერ ისიამოვნე.