საქართველოს 20-წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი მატჩი, ტურნირის ვიცე-ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან მარცხით დაასრულა – 13:45. თუმცა, ილია მაისურაძის რაზმისთვის სასაყვედურო არაფერი უნდა გვქონდეს. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, „ბეიბი ბლექსის“ წინააღმდეგ სათამაშოდ ახალგაზრდა ბორჯღალოსნების ნახევრად სათადარიგო შემადგენლობა გავიდა და ამ ნომინალურმა მარქაფამაც სამხრეთელებს დიდი ბრძოლა გაუმართა.

პირველი ტაიმი ზელანდიელებმა 19:6 მოიგეს და ბოლო წამებზეღა მოახერხეს თავისთვის მეტ-ნაკლებად შესაფერისი ანგარიშის დაფიქსირება. თორემ მანამდე ქართველებს ორი ლელო უნდა გაეტანათ, თუმცა აბჟანდაძის ორი ზუსტი საჯარიმო გასროლით კი შემოიფარგლნენ.

თამაშის ხასიათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა და ჩვენებმა, კერძოდ კი ჯინჭარაძემ, ერთი ლელო გაქვითეს, რომელიც თედომ უნაკლოდ გარდასახა, მაგრამ ამის მეტი ქულა ქართველებმა ვეღარ დააგროვეს, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომშიც ბევრი უტიეს მრისხანე მეტოქეს. ბოლოს კი ზელანდიელებმაც აიშვეს და ერთი მეორეზე უკეთესი ლელოები დაგვიდეს. მაისურაძემ თამაშში ყველა უძლიერესი ჩართო, მაგრამ აწყვეტილი „ბეიბი ბლექსისთვის“  წინააღმდეგობის გაწევას პლანეტაზე ჯერაც ათასში ერთხელ თუ ახერხებს ვინმე…

ასეა თუ ისე, მატჩის უკლებლივ ყველა ქართველი მონაწილე ქებას იმსახურებს, განსაკუთრებით კი მგეზავი აბჟანდაძე და პირველხაზელები თავის შემცვლელებიანად – მათ ხომ ზელანდიურ შერკინებას მიწოლაში, კორექტულად რომ ითქვას, ალალად აჯობეს.

ჩვენი ჯგუფის მეორე წყვილში სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელებმა შოტლანდიელ თანატოლებს 43:19 მოუგეს, ჩვენი მომდევნო მეტოქეც სწორედ „ახალგაზრდა ქურციკებია“ და ეს მატჩი 8 ივნისს გაიმართება, დასაწყისი – 17:30.

საქართველოს რაგბის კავშირის ფოტოები

წილი
წინა სტატიაადიოს, ხამეს!
შემდეგი სტატიასერენას ბალაგანი
სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.