დიდი ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუის ვან გაალი არ გამორიცხავს, რომ ფრენკი დე იონგი შეცდა, როდესაც „ბარსელონაში” გადასვლა გადაწყვიტა. 22 წლის ნახევარმცველი „კამპ ნოუზე” „აიაქსიდან” 75 მილიონ ევროდ გადადის.

„მანჩესტერ იუნაიტედის”, „ბაიერნის”, „ბარსელონას”, „აიაქსის” „ალკმაარისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცის აზრით დე იონგის ასაკში გუნდის გამოცვლა ცოტა ნაადრევი იყო.

„ვფიქრობ, მას „ბარსელონაში” გაუჭირდება, — უთხრა ვან გაალმა „ფოქს სპორტს”, — გარდა იმისა, რომ ამპლუას შეუცვლიან, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის მოუწევს ბრძოლა. სხვათა შორის, ის, რომ „ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა („ლივერპულთან” 3:0, 0:4), დე იონგისთვის შეიძლება კარგიც კი იყოს, რაგან როდესაც ის „კამპ ნოუზე” მივა, გუნდი უძლეველის სტატუსით არ დახვდება”.

ჰოლანდიელი მწვრთნელი ამბობს, რომ ფეხბურთელისთვის კლუბის შეცვლას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს თუ მას ათამაშებენ. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდულ ასაკშია მნიშვნელოვანი.

„ჩემი აზრით დე იონგს უკეთესი არჩევანის გაკეთება შეეძლო. დღეს ხომ მასზე მთელი მსოფლიო ნადირობს და საქმე ასარჩევად ჰქონდა.

დე იონგი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ „ბარსელონას” ივან რაკიტიჩი ჰყავს. კიდევ, ხუთი წლის წინ, როდესაც მე „მანჩესტერ იუნაიტედში” ვმუშაობდი, არტურო ვიდალის შეძენა მინდოდა. დღეს ვიდალიც „ბარსელონაშია”.

ფეხბურთელი ყოველთვის სათავისო გუნდს უნდა ეძებდეს. დე იონგის შემთხვევაში კითხვა ასე ისმის: არის კი „ბარსელონა” გუნდი, რომელსაც ის კარგად შეეწყობა? მის ასაკში ხომ აუცილებელია, რომ ფეხბურთელმა ყველა შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა”.