ჯეიმი კარაგერი და ვირჯილ ვან დიიკი

„ლივერპულის” ვარსკვლავყოფილმა ჯეიმი კარაგერმა გაიხსენა ის წუთი და წამი, როდესაც მიხვდა, რომ იურგენ კლოპი მერსისაიდელებს წარმატებას მოუტანდა. მართალია, საუბარი „ლივერპულს” ეხება, მაგრამ მომენტი, რომელიც კარაგერმა გაიხსენა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ თავკაც სერ ალექს ფერგიუსონთან არის დაკავშირებული.

მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრიუმფის შემდეგ ჯეიმი კარაგერმა „ტელეგრაფთან” ინტერვიუში თქვა:

„ზუსტად შემიძლია გავიხსენო მომენტი, როდესაც გულწრფელი სიხარულის გრძნობა დამეუფლა, რადგან მივხვდი, რომ კლოპი აუცილებლად მოუტანდა „ლივერპულს” წარმატებას.

მაიკლ ქერიკის საბენეფისო თამაშზე გახლდით დაპატიჟებული, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონს შევხვდი და ცოტა ხნით მასთან ლაპარაკის საშუალება მომეცა. კლოპის შესახებ ფერგის საგაზეთო კომპლიმენტები  წაკითხული მქონდა, მაგრამ მეტის მოსმენა მინდოდა. სერ ალექსი მომიტრიალდა და მრავალმნიშვნელოვნად მითხრა: მას აქვს რაღაც განსაკუთრებული თვისება. ის საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებულია.

იმ მომენტში მივხვდი, რომ ფერგი კლოპით გულწრფელად იყო აღფრთოვანებული. ამასთან, ვიგრძენი, რომ ის როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, შეშფოთებულიც იყო და ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა.

თუ ფერგი შემცბარია, ესე იგი ეს კაცი მართლა მაგარი ყოფილა, — გავიფიქრე მე”.

თავად კოპმა კი ფინალში „ტოტენჰემის” 2:0 დამარცხების შემდეგ თქვა, რომ მას პრემიერლიგის ზედიზედ ორგზის ჩემპიონის, „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაურეკა.

„ორი წამის წინ გვარდიოლას ველაპარაკე. ჩვენი მთავარი ფიზიოთერაპევტი ლი ნოუბსი სეზონის დასაწყისში „სიტიში” მუშაობდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდოდა და ჩვენთან გადმოვიდა… ვხუმრობ, რასაკვირველია.

მე და გვარდიოლა ერთმანეთს დავპირდით, რომ ერთმანეთს მომავალ სეზონშიც ვკრავთ მუჯლუგუნებს. ორივე ყველაფრის მოგებას შევეცდებით და ვნახოთ, რა გამოვა”.